რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ პოლიციის მაღალჩინოსანმა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მკვლელობა მოხდა. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვანო ზანდარშვილმა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ზურა საჩიშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
როგორც ირკვევა, ამ უმძიმეს დანაშაულს წინ უძღვოდა მათ შორის შელაპარაკება. ასევე დაჭრილია თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი, რომელსაც ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს და ამის შემდეგ სახლში გაწერეს.
„ambebi.ge“-ს ინფორმაციით, დაპირისპირება ერთ-ერთი ადგილობრივის, დავით ლაჩაშვილის სახლში მოხდა დაბადების დღის წვეულებაზე, კომენდანტის საათის დროს. თავად ლაჩაშვილი კი მის სახლში კონფლიქტს კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ მეგობრები ისე გააცილა, სახლში არანაირი კონფლიქტი არ მოსვლიათ.
„11 საათი იქნებოდა, სახლიდან რომ წავიდნენ. ვანოს მანქანაში ჩასხდნენ ერთად ყველანი, მას უნდა წაეყვანა ბიჭები თელავში და სახლებში მიეყვანა. წავიდნენ ერთად, მე შემოვედი სახლში, მერე რა მოხდა და გზაში რაზე იკამათეს, არ ვიცი“, – ამბობს დავით ლაჩაშვილი.
მიხეილ მიქელაშვილი იყალთოში მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი თვითმხილველია. როგორც ის „კურიერთან“ ჰყვება, 38 წლის ზურაბ საჩაშვილი მანქანაშივე გარდაიცვალა.
„ღამის 12 საათზე სროლის ხმა გავიგე, დაახლოებით 4-5-ჯერ გაისროლეს, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდნენ და ერთი ეუბნებოდა, რატომ მესროლე, მეც დამჭერიო? დედა შემაგინა და იმიტომ ვესროლეო. მანქანაში მოხდა ეს ყველაფერი. მანქანა გაჩერდა, ჩაგუდული ხმა იყო სროლის, გარეთ არ უსვრია. სულ ოთხნი იყვნენ, მთვრალები იყვნენ და შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა ეს ამბავი. თვითონ დარეკა პატრულში და შემდეგ სასწრაფო მოვიდა“, – აცხადებს თვითმხილველი მიხეილ მიქელაშვილი.
პროკურატურამ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავა.
კომენტარები