რატომ უნდა ჩაასხათ სუფრის ძმარი სარეცხ მანქანაში რეცხვისას – ის, რაც აქამდე არ იცოდით
სარეცხის მანქანამ დიასახლისებს საქმე ძალიან შეუმსუბუქა და დროც დაუზოგა, თუმცა, მოგეხსენებათ, ის ყოველთვის სათანადოდ ვერ უმკლავდება ლაქებს და ჩამჯდარ სუნს და დამატებითი ძალისხმევა გვჭირდება. რეცხვის ხარისხის გაუმჯობესებაში ჩვეულებრივი სუფრის ძმარი დაგეხმარებათ, უმჯობესია თეთრი. ძმრითვე შეგიძლიათ გაწმინდოთ მანქანა დიდი წარმატებით.
ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ეკოლოგიურ საწმენდ საშუალებებს, რომელთა გამოყენება უსაფრთხოა, განსაკუთრებით – თუ სახლში ბავშვები და შინაური ცხოველები გყავთ. ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა ძმარი. ის შესანიშნავად აქრობს უსიამოვნო სუნს, დეზინფექციას უკეთებს ზედაპირებს და ჭუჭყსაც ადვილად აშორებს. რაც შეეხება რეცხვას, სუფრის ძმარი შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრეულის რეცხვისას და ტანსაცმლიდან ლაქების მოსაშორებლადაც. აი, როგორ:
ძმარი – სარეცხის კონდიციონერის მაგიერ
კონდიციონერს ბევრი იყენებს სარეცხის დასარბილებლად. ძმარი შესანიშნავად არბილებს უხეშ ქსოვილებს, ამიტომ სპეციალური ქიმიური საშუალების ყიდვის ნაცვლად ძმარი გამოიყენეთ. გარდა იმისა, რომ ქსოვილს არბილებს, ძმარი უსიამოვნო სუნსაც აქრობს, ხოლო გამშრალი სარეცხი არ ელექტროვდება – შესაბამისად, ანტისტატიკის ყიდვაც აღარ დაგჭირდებათ. ჩაასხით 100 მლ სუფრის ძმარი დამარბილებლისთვის განკუთვნილ უჯრაში, განსაკუთრებით, როდესაც პირსახოცებს რეცხავთ. ძმრით გარეცხვის შემდეგ ისინი ბუმბულივით ფუმფულა და რბილია.
ძმარი, როგორც მათეთრებელი
სარეცხ მანქანაში რეცხვისას თეთრი ტანსაცმელი თანდათან მონაცრიფრო ან მოყვითალო ელფერს იღებს. ეს რომ არ მოხდეს, რა თქმა უნდა, ჯობია ისინი სხვა ფერის სამოსთან არ რეცხოთ. გარდა ამისა, დაუმატეთ 100 მლ სუფრის ძმარი გავლებისას ან კონდიციონერისთვის განკუთვნილ უჯრაში ჩაასხით. ძმარი თეთრ ნივთებს სიქათქათეს შეუნარჩუნებს, ამას გარდა, მოაშორებს ოფლის ყვითელ ლაქებს. ამავე მეთოდით შეგიძლით გარეცხოთ ფარდები და სუფრები.
ძმარი ლაქების და უსიამოვნო სუნის წინააღმდეგ
ძმრით ტანსაცმლიდან ლაქების ამოყვანაც შესაძლებელია: დააშხეფეთ ძმარი დალაქავებულ ადგილას და დატოვეთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ არ ამორეცხოთ და ასევე მოათავსეთ მანქანაში გასარეცხად. ასეთი მეთოდი გამოდგება ბამბის და პოლიესტერის ქსოვილებიდან ლაქების ამოსაყვანად. ძმრით შეგიძლიათ გარეცხოთ ფარდები, დივანის ბალიშები და შალითები ნიკოტინის, ნესტის ან სიძველის სუნის მოსაშორებლად. ძმარი შეგიძლიათ გამოიყენოთ მეორადი ტანსაცმლიდან ჩამჯდარი უსიამოვნო სუნის მოსაშორებლადაც.
ფერადი ტანსაცმლის რეცხვა
ფერად ტანსაცმელს ზოგჯერ ფერი გასდის და ხუნდება. თუ გეშინიათ, რომ რომელიმე სამოსს რეცხვისას ფერი გაუვა და გახუნდება, წინასწარ ჩაალბეთ წყალში, რომელსაც 150 მლ ძმარი ექნება დამატებული, 20 წუთის შემდეგ კი ჩვეულებრივ გარეცხეთ სარეცხ მანქანაში.
შინაური ცხოველების ბეწვების მოცილება ტანსაცმლიდან
თუ სახლში კატა ან ძაღლი გყავთ, მათი ბეწვები ყველგანაა. შეიძლება შეეგუოთ წინდებსა და შარვალზე ცხოველის ბეწვებს, მაგრამ გირჩევთ, ისინი 100 მლ ძმრის დამატებით გარეცხოთ. ასე ბეწვები უკეთ მოსცილდება ქსოვილს და მათ გავლებისას წყალი წაიღებს.
ნადების და ობის მოცილება სარეცხი მანქანიდან
პერიოდულად საჭიროა სარეცხი მანქანის გაწმენდა ობისა და ნადებისგან. ობის სუნს ადვილად მიხვდებით – ის ყველაზე ხშირად სარეცხი მანქანის დოლურას რეზინზე ჩნდება. თუ სპორტულ ფეხსაცმელს და ძალიან ჭუჭყიან სარეცხს რეცხავთ, მაშინ განსაკუთრებით საჭიროა დოლურას გაწმენდა, რათა დარჩენილი ჭუჭყი თეთრეულს არ მოეცხოს.
სარეცხი მანქანის დეზინფიცირებისა და ჭუჭყისა და ნადების მოსაშორებლად 200 მლ ძმარი ჩაასხით ფხვნილისთვის განკუთვნილ უჯრაში, შემდეგ ჩართეთ რეცხვის რეჟიმი მაღალ ტემპერატურაზე – მინიმუმ 60 გრადუსზე მაინც. როცა რეცხვას მორჩება, მანქანა დენის წყაროდან გამორთეთ და დოლურა და მისი რეზინის რგოლი შიგნიდან გაწმინდეთ სუფრის ძმრით.
ამ პროცედურის შემდეგ მანქანა გავლების რეჟიმზე ჩართეთ, ბოლოს კი დოლურა და რეზინი კარგად გაამშრალეთ. როცა მორჩებით, მანქანის კარი ღია დატოვეთ, რომ განიავდეს.
ზოგადად, ყველა დიასახლისმა იცის, რომ ყოველი გარეცხვის შემდეგ მანქანის კარი ღია უნდა დატოვოს, რათა შიგნით ობი არ გაჩნდეს.
თუ ასე მოიქცევით, თქვენი მანქანა დიდხანს მოგემსახურებათ და სარეცხსაც უფრო ხარისხიანად გარეცხავს.
თამარ ქავჟარაძე
კომენტარები