ჯანმრთელობარჩევები

აკადემიკოსმა ლეო ბოკერიამ სიცოცხლის გახანგრძლივების ყველაზე მარტივი მეთოდი დაასახელა

სიარული სიცოცხლის გახანგრძლივების ყველაზე მარტივი მეთოდია, განაცხადა რუსეთში მოღვაწე ცნობილმა კარდიოქირურგმა, აკადემიკოსმა ლეო ბოკერიამ.

მისი თქმით, „ფიზიკური პასიურობის პანდემია“ არანაკლებ ვერაგია, ვიდრე COVID-19, რადგან ყოველდღიურად გაცილებით მეტი ადამიანის სიკვდილს იწვევს.

ლეო ბოკერია აღნიშნავს, რომ მასშტაბური საერთაშორისო კვლევის შედეგების თანახმად, ადამიანები, რომლებიც ცხოვრების მჯდომარე წესს მისდევენ, საშუალოდ 7-8 წლით ნაკლებს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვინც კვირაში, საერთო ჯამში, 2 საათს მაინც დადის.

„სიარულს, პრაქტიკულად, არ აქვს უკუჩვენება, არ სჭირდება სპეციალური ტანსაცმელი ან აღჭურვილობა“, – განაცხადა ცნობილმა ექიმმა kp.ru-სთან ინტერვიუში.

ბოკერია გვირჩევს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, როცა ეს შესაძლებელია, ფეხით გასეირნებით შევცვალოთ, დროდადრო უარი ვთქვათ ლიფტზე ან ესკალატორზე, ხოლო საღამოობით ტელევიზორის ყურების ნაცვლად გავისეირნოთ.

მან, აგრეთვე, ხაზი გაუსვა რეგულარულობის მნიშვნელობას – ცნობილი კარდიოქირურგის რჩევით, კვირაში მინიმუმ 2 საათი რამდენიმე დღეზე უნდა გადავანაწილოთ.

ზოგადად, სპეციალისტები ამბობენ, რომ სიარული არა მარტო კუნთების, არამედ სახსრების ვარჯიშიცაა. სიარულისას უმჯობესდება შინაგანი ორგანოების მდგომარეობა: ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ნაწლავების. საქმე ისაა, რომ სიარულის დროს მუცლის კუნთები იკუმშება, რაც შინაგანი ორგანოებისათვის ერთგვარი მასაჟია. უმოძრაობის შედეგად კი უარესდება გულის, ფილტვების, თავის ტვინის, სახსრებისა და ხერხემლის მდგომარეობა, შესაძლებელია მეხსიერების გაუარესებაც.

როგორც ცნობილია, ექიმები მიიჩნევენ, რომ  სიარულს შეუძლია სერიოზული როლი ითამაშოს უფრო სწრაფ და ხარისხიან აღდგენაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close