ტრაგედია საბერძნეთში – ქართველი ემიგრანტი ქალი ბერძენ ცოლ-ქმართან ერთად მანქანით ზღვაში გადავარდა (ვიდეო)
საბერძნეთში უბედურ შემთხვევას 49 წლის ქართველი ემიგრანტი ხათუნა აზარიაშვილი ემსხვერპლა ბერძენ ცოლ-ქმართან ერთად, რომლებთანაც დამხმარედ მუშაობდა. შემთხვევა 9 დეკემბერს მოხდა ეგეოსის ზღვის ბერძნულ კუნძულ ანტიპაროსზე.
ბერძნული მედიის ცნობით, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ანტიპაროსის პორტში ბოძს შეეჯახა და წყალში გადავარდა. ავტომობილში 3 ადამიანი იმყოფებოდა – ბერძენი ცოლ-ქმარი და მათი ოჯახის დამხმარე, უცხოეთის მოქალაქე. სამივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.
ერთ-ერთი მოწმის თქმით, იმ ადგილას, სადაც ავტომობილი ჩავარდა, წყალი არც ისე ღრმა იყო – 3-3,5 მეტრი, თუმცა მგზავრებმა მანქანიდან გამოსვლა ვერ შეძლეს და დაიღუპნენ. სანაპირო დაცვის ოფიცერი და მყვინთავი მალევე გადახტნენ წყალში ავტომანქანის მგზავრების გადასარჩენად, თუმცა ვერ შეძლეს.
ბერძნული მედიის ცნობით, ხანდაზმულ ბერძენ წყვილს, 79 წლის მამაკაცს და მის 68 წლის მეუღლეს, რომელიც ცნობილი ბიზნესლედი იყო, ვილა ჰქონდათ ანტიპაროსზე, უყვარდათ კუნძულზე ყოფნა და თითქმის მთელი წელი იქ გაატარეს. ბიზნესლედი ცნობილი იყო თავისი ეკოლოგიური აქტივობებით, გარდა ამისა, ყველა გაჭირვებულს ეხმარებოდა, ამიტომ კუნძულის მაცხოვრებლები ძალიან დაამწუხრა ამ ტრაგედიამ. ისინი ამჯერად ათენში აპირებდნენ წასვლას. ბორნის მოლოდინში, ცოლ-ქმარი და მათი ოჯახის დამხმარე ანტიპაროსის პორტში მანქანაში ისხდნენ.
თვითმხილველების თქმით, მძღოლს არანაირი მცდელობა არ ჰქონია, რომ მანქანა წყალში არ გადავარდნილიყო. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, ეს ავტომობილის გაუმართაობის გამო მოხდა თუ მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გაუარესების გამო. iefimerida.gr წერს, რომ შესაძლოა მძღოლს გულის შეტევა დაემართა, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ მან შეცდომით დააჭირა ფეხი გაზის პედალს და ყველაფერი წამებში მოხდა. ასეთი ვარაუდი გამოთქვა მყვინთავმა Mega-ს ეთერში, რომელმაც გარდაცვლილები ამოიყვანა.
მისი თქმით, საშინელი სურათი დახვდა წყალქვეშ: მგზავრები უსაფრთხოების ღვედების გარეშე, წინა ფანჯრები ჩაწეული, თუმცა, სავარაუდოდ, წყალმა შეუშალათ ხელი, რომ მანქანიდან გამოსულიყვნენ. მისივე ინფორმაციით, ჩანს, მამაკაცი ცდილობდა ცოლს მანქანიდან გამოსვლაში დახმარებოდა და თვითონაც დაიღუპა.
ბერძნული მედია გარდაცვლილი ცოლ-ქმრის და მათი დამხმარის სახელს და გვარს არ წერს, efsyn.gr აზუსტებს, რომ დამხმარე ქართველი იყო.
ამბები ჯის ინფორმაციით, ანტიპაროსზე ტრაგიკული შემთხვევის დროს დაღუპულ 49 წლის ხათუნა აზარიაშვილს სამშობლოში 13 დეკემბერს ჩამოასვენებენ. ამის შესახებ გამოცემას გარდაცვლილის დამ, ნონა ბაქარაშვილმა უთხრა.
კომენტარები