იტალიასაზოგადოება

იტალიაში უამინდობა გრძელდება, MOSE არ აამუშავეს და ვენეცია დაიტბორა

იტალიაში ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე უამინდობა გრძელდება. ვენეციაში ნავარაუდევი 125 სმ-ის ნაცვლად მოქცევის დონემ 13 სმ-ით მეტს – 138 სმ-ს მიაღწია და ქალაქი დაიტბორა. ამინდის სწრაფი გაუარესება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ოქტომბრიდან დღემდე რაბების სისტემის წარმატებით ამუშავებით მიღებული შედეგი, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, „წყალში ჩაყრილიყო“.

დღეს საღამოს MOSE ისევ ამუშავდება და ლაგუნას ჩაკეტავს, რადგან ნავარაუდევია კიდევ ერთი პიკი  – 125-130 სმ.

„MOSE  ამჟამად ექსპერიმენტულ რეჟიმში მუშაობს და რაბების სისტემის ამოქმედება ხდება მაშინ, როდესაც პროგნოზით მოსალოდნელია მოქცევის დონე, მინიმუმ 130 სმ. გაფრთხილებას 48 სთ-ით ადრე ვიღებთ“, – აცხადებს Cinzia Zincone, რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი პირია. მისი თქმით, აშკარაა, რომ რაღაც ისე არ არის და შესაცვლელია.

ქალაქის მერმა ლუიჯი ბრუნიარომაც აღიარა, რომ დღევანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, საჭიროა პროცედურის კორექტირება. „როგორც ჩანს, უნდა ჩაირთოს ადრეული გაფრთხილების სისტემა, – ვარაუდობს იგი, – მოქცევის დაბალ მაჩვენებელზეც კი“.

მერის თქმით, ისე მოხდა, რომ ამინდის სწრაფმა გაუარესებამ ქალაქი ცუდი დღეში ჩააგდო: „მოქცევის მაქსიმალური დონის პროგნოზი იყო 125 სმ, თუმცა ზღვაზე ქარი განსაკუთრებულად გაძლიერდა, რასაც არ ველოდით: ძალიან ძლიერი სიროკო, ადიდებულ ტალიამენტოსა და პიავესთან ერთად – ამ ყველაფერმა სანაპიროს გასწვრივ წყლის დონის მომატება გამოიწვია“.

ცუდი ამინდი ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე გრძელდება და იტალიას ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს.

ოსტია, 08.12.2020; Ansa-ს ფოტო

ძლიერი თოვა ბელუნოს დოლომიტებში, სადაც 16 ადამიანი თავშესაფრებში „ჩარჩა“ და მათი ევაკუირება გახდა საჭირო. ტორნადო და შტორმი დედაქალაქის სანაპიროზე. სამხრეთ ტიროლში სიტუაცია უმჯობესდება, თუმცა 3400 მომხმარებელს ისევ პრობლემები აქვს ელექტრომომარაგებისა და სატრანსპორტო კავშირის მხრივ. ბერგამოს პროვინციის ქალაქი ფოპოლო დილიდან იზოლირებული იყო, ელექტროენერგიისა და ფიქსირებული სატელეფონო ხაზებით კავშირის გარეშე. ქალაქში, რომლიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზეა, 2000 მეტრზე მეტი თოვლი მოვიდა.

როკა პიეტორე/Rocca Pietore, 08.12.2020; Ansa-ს ფოტო

გამთენიისას სონდრიოს გარეუბნის მოსახლეობა შეაშინა ძლიერი გადაუღებელი წვიმების გამო ჩამოწოლოლმა მიწის და ქვების მეწყერმა, რომელმაც რამდენიმე სახლს დაარტყა. ნეაპოლის პროვინციაში მიწის ნაპრალის გაჩენის გამო 200 ადამიანი ჩაიკეტა ჯულიანოს სახლში. მეხანძრე-მაშველების მიერ ჩატარებული 3000-ზე მეტი ოპერაციის შედეგად გადარჩენილია 445 ადამიანი, კერძოდ, ვენეტოში, ფრიული-ვენეცია ჯულიაში, ემილია რომანიაში, კამპანიასა და სიცილიაზე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close