საქართველოს საზღვრის კვეთის ახალი რეგულაციები 2 დეკემბრიდან
2020 წლის 2 დეკემბრიდან შეიცვალა საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის ზოგიერთი წესი და პირობა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს.
„საქართველოს მოქალაქეები (+ მათი ოჯახის წევრები) საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი საზღვრიდან შემოსვლის შემთხვევაში:
1) თუ წარმოადგენენ ბოლო 72 საათში გაკეთებულ უარყოფით PCR ტესტს გადადიან თვითიზოლაციაში 8 დღით;
2) თუ ვერ წარმოადგენენ ბოლო 72 საათში გაკეთებულ უარყოფით PCR ტესტს გადადიან თვითიზოლაციაში 12 დღით.
საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარზე საბაჟო ეპიდემიოლოგი ავსებს ფორმა N9-ს, რომელშიც იქნება მითითებული თვითიზოლაციის მისამართი და პირადი მონაცემები.
ყურადღება! გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს მოქალაქისათვის საქართველოს საზღვრის გადმოსაკვეთად PCR ტესტი არ გახლავთ სავალდებულო! ტესტის პასუხის წარდგენა მხოლოდ განსაზღვრავს უკვე საქართველოს ტერიტორიაზე თვითიზოლაციის საჭიროებას.
უცხო ქვეყნების მოქალაქეებს არ აქვთ საქართველოში შემოსვლის უფლება, გარდა შემდეგი 18 ევროპული ქვეყნის მოქალაქეების და/ან მუდმივი რეზიდენტებისა:
1) ე.წ. ნაცვალგების 5 ქვეყნის მოქალაქეები – გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი – შემოდიან მხოლოდ საჰაერო გზით, იმ შემთხვევაში, თუ მოფრინავენ ამ 5 ქვეყნიდან ან მათი გავლით. საზღვარზე უარყოფითი PCR ტესტის წარმოდგენის შემთხვევაში თავისუფლად კვეთენ საზღვარს და მოძრაობენ შეუფერხებლად. თუ არ აქვთ უარყოფითი PCR ტესტის საბუთი, მათ აქვთ შესაძლებლობა, ტესტი გაიკეთონ, საკუთარი ხარჯით, თბილისის აეროპორტში, გადმოკვეთონ საზღვარი, მივიდნენ დაჯავშნულ სასტუმროში და დაელოდონ პასუხს. უარყოფითი პასუხის შემდეგ მოძრაობენ თავისუფლად.
იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ მოფრინავენ ამ 5 ქვეყნის გავლით და სხვა ქვეყნებიდან შემოდიან საჰაერო გზით, მაშინ:
1) უარყოფითი PCR ტესტის წარდგენისას მიდიან თვითიზოლაციაში;
2) თუ არ აქვთ უარყოფითი PCR ტესტი, გადადიან კარანტინში.
ხსენებული 5 ქვეყნიდან მგზავრები გამოფრენამდე ავსებენ სპეციალურ საინფორმაციო ფორმას StopCov.ge პორტალზე.
2) დანარჩენი 13 ევროპული ქვეყნის მოქალაქეები და/ან მუდმივი რეზიდენტობის მქონე პირები (ესპანეთი, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, პორტუგალია, პოლონეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ხორვატია, შვედეთი, კვიპროსი, იტალია, ისლანდია, სლოვენია) საქართველოში შემოდიან მხოლოდ საჰაერო გზით.
თუ საზღვარზე წარმოადგენენ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს, მიდიან თვითიზოლაციაში. იმ შემთხვევაში, თუ არ აქვთ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის საბუთი და არ აქვთ საკუთარი ხარჯით თბილისის აეროპორტში ტესტის გაკეთების შესაძლებლობა, მოთავსდებიან კარანტინში.
ბიზნესაპლიკანტები რჩებიან იმავე რეჟიმში.
აღნიშნული წესი ასევე არ ეხება უცხოელ სტუდენტებს, მათთვის სავალდებულოა უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა და 12-დღიანი კარანტინი, საკუთარი ხარჯებით“, – წერია საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
კომენტარები