საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარზე PCR კვლევის უარყოფით პასუხს წარადგენენ, 8-დღიან თვითიზოლაციაში გადავლენ
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენენ, 8-დღიან თვითიზოლაციაში გადავლენ, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმის შემსუბუქების საკითხზე გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
„საქართველოს მოქალაქე, რომელიც საზღვრის გადმოკვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელ ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენს სახელმწიფო საზღვარზე, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას, ხოლო ამ ტესტის არქონის შემთხვევაში ეს ადამიანი გადავა, კარანტინის ნაცვლად, 12-დღიან თვითიზოლაციაში. შესაბამისად, მას არ მოუწევს საკარანტინო სასტუმროებში განთავსება. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ ექნება თვითიზოლაციის შესაძლებლობა, სახელმწიფო, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს მათ შესაბამის სასტუმროებში განთავსებას“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
კომენტარები