კორონავირუსი საბერძნეთში: ახალი შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა
EODY-ს (სბერძნეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაცია) მონაცემებით, გასულ 24 საათში საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით საკმაოდ შემცირებულია, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ამავე დროს, შედარებით შემცირდა გარდაცვლილთა რაოდენობაც, ხოლო ინტუბირებული (ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიერთებული) პაციენტების რაოდენობა სტაბილურია, თუმცა მაჩვენებელი ისევ მაღალია. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.
კერძოდ, 30 ნოემბერს, საღამოს EODY- მ გამოაცხადა ქვეყანაში კორონავირუსის 1044 ახალი შემთხვევა, რომელთაგან 9 – ქვეყნის საზღვარზე შემოწმების შედეგად გამოვლინდა.
ამრიგად, შემთხვევათა საერთო რაოდენობაა 105271 (გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით), საიდანაც 53.0% მამაკაცია, 4888 (4.6%) საზღვარგარეთიდან შემოტანილია, ხოლო 28 075 (26.7%) უკვე გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტებია.
გარდა ამისა, საბერძნეთის 600 მოქალაქე ინტუბაციურ მკურნალობას საჭიროებს. მათი საშუალო ასაკია 65 წელი, მათგან 161 (26.8%) ქალია, დანარჩენი კი – მამაკაცი. ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მყოფი პაციენტების 75,8%-ს აქვს ძირითადი ქრონიკული დაავადებები, ან 70 წლის და უფროსი ასაკისაა. 581 პაციენტი გაწერილია ინტენსიური თერაპიის განყოფილებებიდან.
ქვეყანაში გასულ ერთ დღეში კიდევ 85 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა და, საერთო ჯამში, კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 2406-ს შეადგენს. გარდაცვლილთაგან 978 (40,6%) ქალია და დანარჩენი – მამაკაცი. საბერძნეთში კოვიდ-19-ის გამო გარდაცვლილი პაციენტების საშუალო ასაკი 80 წელს უდრის; 96.6%-ს ჰქონდა სხვადასხვა ქრონიკული დაავადება ან 70 წლის და მეტი ასაკის იყო..
რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევების ასაკობრივ მაჩვენებელს, ინფიცირებულთა საშუალო ასაკია 43 წელი (დიაპაზონი 0-იდან 104 წლამდე), ხოლო გარდაცვალების საშუალო ასაკია 80 წელი (დიაპაზონი 25-იდან 103 წლამდე).
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები