სპორტი

ADIÓS, DIEGO ARMANDO MARADONA – ფეხბურთის ლეგენდა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა

არგენტინული გამოცემა Clarin-ი იუწყება, რომ გარდაიცვალა ფეხბურთის ლეგენდა დიეგო არმანდო მარადონა. ფეხბურთელი 30 ოქტომბერს 60 წლის შესრულდა.

გამოცემის ცნობით, მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა გულის და სუნთქვის გაჩერება. მარადონა საკუთარ სახლში გარდაიცვალა ტიგრესში, ბუენოს-აირესის გარეუბანში, სადაც კლინიკიდან გაწერის შემდეგ იმყოფებოდა. როგორც ცნობილია, მას 3 კვირის წინ თავის ტვინზე ოპერაცია ჩაუტარდა.

იგი საავადმყოფოში 30 ოქტომბერს მიიყვანეს გამოკვლევისთვის, 2 ნოემბერს კი ქალაქ ლა პლატას კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც კომპიუტერული ტომოგრაფიით სუბდურალური ჰემატომა დაუდგინდა (სუბდურალური ჰემატომა ან სუბდურალური სისხლჩაქცევა  – ჰემატომის ტიპია, რომელიც, ჩვეულებრივ, ქალა-ტვინის ტრავმასთან ასოცირდება). შემდეგ იგი ოლივოსის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც თავის ტვინზე ოპერაცია ჩაუტარდა. 11 ნოემბერს მარადონა საავადმყოფოდან გაწერეს.

„გარდაუვალი მოხდა“, – წერს გამოცემა Clarin-ი.

კოლაჟი Oliver Kay-ს ტვიტერიდან

1986 წლის მსოფლიო ჩემპიონი (არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში) დიეგო არმანდო მარადონა მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელთა შორისაა. იგი გამოდიოდა კლუბებში „არხენტინოს ხუნიორსი“, „ბოკა ხუნიორსი“, „ბარსელონა“, „ნაპოლი“, „სევილია“ და „ნიუელს ოლდ ბოიზი“.

მარადონამ არგენტინის ნაკრების შემადგენლობში  91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ როდესაც პირველად ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ჩარიცხეს, მას 16 წლამდე 10 დღე უკლდა.

1986 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინლში, ინგლისთან მატჩში მარადონამ „საუკუნის გოლი“ გაიტანა, ამავე მატჩში მან ხელით გაიტანა გოლი და ეს შემთხვევა „მოინათლა“, როგორც „ღმერთის ხელი“.

მარადონა იყო არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და მისი მწვრთნელობის პერიოდში, 2010 წელს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალამდე მივიდა. შემდეგ მარადონამ მწვრთნელის კარიერა კლუბებში გააგრძელა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close