კოვიდინფიცირებული თენგიზ ცერცვაძე საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმების კრიტიკას პასუხობს
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სახელწოდებით: „ჩვენთან ავსტრიაში“.
„რატომღაც შეიმჩნევა ტენდენცია, რომ საზღვარგარეთ მოღვაწე ზოგიერთი ქართველი ექიმი (საბედნიეროდ, არა ყველა) თავს ვალდებულად თვლის, რომ საქართველოში COVID საწინააღმდეგო ღონისძიებების, მათ შორის COVID-19-ით პაციენტების კლინიკური მართვის შეფასებისას ნეგატიურად წარმოაჩინოს საქართველოს ჯანდაცვის სისტემისა და ექიმების საქმიანობა და ხაზი გაუსვან, რომ მათთან… ყველაფერი გაცილებით უფრო უკეთესად და მაღალ დონეზე კეთდება. ეს არის უკეთეს შემთხვევაში ტენდენციური დამოკიდებულება მათი მხრიდან, ხოლო უარეს შემთხვევაში – დიდი ტყუილი. საქართველო, რა თქმა უნდა, ახლოსაც ვერ მივა ეკონომიკური რესურსებით და ზოგადად ჯანდაცვის სისტემის სიძლიერით ევროპისა და ამერიკის წამყვან ქვეყნებთან, მაგრამ მით უფრო დასაფასებელია, რომ სწორედ COVID პაციენტების კლინიკური მართვის სეგმენტში, ბოლო დროს COVID შემთხვევების დრამატული ზრდის მიუხედავადაც კი, საქართველო, ერთეული გამონაკლისის გარდა, დებს ევროპისა და ამერიკის თითქმის ყველა წამყვან ქვეყანაზე უკეთეს კლინიკურ მაჩვენებლებს – ეს არის ყველა დადასტურებულ COVID შემთხვევებს შორის სიკვდილობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი (0.92%) და ერთ მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რაოდენობა (233). საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ევროპისა და ამერიკის წამყვანი ქვეყნების COVID-19-ის დარგის ლიდერები, თვით პროფესორ Anthony Fauci-ის ჩათვლით, პრაქტიკულად ერთხმად მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოში COVID-19-ის კლინიკური მართვის პროცესს. მაშინ, როდესაც იმავე ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ექიმები მხოლოდ ნაკლოვანებებს ხედავენ. ხომ ვერ ხვდებით, რატომ? ვფიქრობ, ძნელი მისახვედრი არ არის.
ა.წ. 21 ნოემბერს ქ-ნმა, ირმა კვიცარიძემ, რომელიც ავსტრიაში, ქ. ინსბრუკში საქმიანობს „მთავარი არხის“ ეთერში საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში COVID-19-ს „მოძველებული პროტოკოლებით მკურნალობენ“. ქ-ნო ირმა, ავსტრია – ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო ქვეყანაა, შეიძლება, ითქვას, ამქვეყნიური სამოთხეა, COVID-ის მართვაშიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. ხო და, თუ საქართველოში COVID-ს მოძველებული პროტოკოლებით ვმკურნალობთ, როგორ მოხდა, რომ საქართველოს აქვს, მართალია, მცირედით, მაგრამ მაინც ავსტრიაზე დაბალი COVID სიკვდილობის მაჩვენებელი (საქართველოს 0,93%, ავსტრიას – 0,97%, რაც COVID19-ის კლინიკური მართვის ეფექტიანობის პირდაპირი კრიტერიუმია და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰყავს ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით COVID-19-ით გარდაცვლილთა ნაკლები რაოდენობა (233), ვიდრე ავსტრიას (258). ვიმეორებ, სხვაობა დიდი არ არის, მაგრამ მაინც საქართველოს სასარგებლოდაა, რაც ცალსახად იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო თავისი „მოძველებული პროტოკოლებით“, როგორც მინიმუმ, ტოლს არ უდებს ავსტრიას. სინამდვილეში და ამას მსოფლიოს ყველა ობიექტური ექსპერტი ადასტურებს, საქართველოში COVID პაციენტების კლინიკური მართვა ხორციელდება მსოფლიოში ყველაზე მაღალი სტანდარტებით და თან, უახლესი და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით. მნიშვნელოვანი კომპონენტია ე.წ. კოვიდსასტუმროების ფართოდ გამოყენება, რომლებიც შუალედურ როლს ასრულებენ კლინიკებსა და ბინაზე მყოფ პაციენტებს შორის და სადაც შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის მქონე ავადმყოფები იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. თუ ქ-ნი ირმა სურვილს გამოთქვამს, მე სიამოვნებით შევხვდები მას ტელედებატებში (ცხადია, ჩემი განკურნების შემდეგ) და შევეცდები, ავუხსნა მას, რომ „ჩვენთან საქართველოში“ COVID-19-ს უკეთესად, ყოველ შემთხვევაში არაუარესად მკურნალობენ, ვიდრე „მათთან ავსტრიაში“.
ამავე დროს მინდა, გამოვეხმაურო გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმის, ბ-ნ გიორგი გრიგოლიას, ასევე ა.წ. 21 ნოემბრის უაღრესად ემოციურ პოსტს. ამ შემთხვევაში მე მთლიანად ვიზიარებ ბ-ნი გიორგის გულწრფელ შეშფოთებას და წუხილს საქართველოში COVID შემთხვევების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ეს უკანასკნელი გამოიწვია რამდენიმე ფაქტორმა – საქართველომ ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საზოგადოების განწყობისა და საარჩევნო პერიოდის სპეციფიკის გათვალისწინებით უარი თქვა განმეორებით lockdown-ზე და მკაცრ შეზღუდვებზე, აგრეთვე იმან, რომ საქართველოს მოსახლეობამ ნაადრევად ირწმუნა, რომ COVID ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს და პრაქტიკულად უარი თქვა იმ აუცილებელი რეგულაციების შესრულებაზე (პირბადის ტარება დახურულ და ღია სივრცეში, სოციალური დისტანცირება, ხალხმრავალ შეკრებებისგან თავის შეკავება და სხვ.), რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა COVID-19-ის ახალი შემთხვევების სწრაფი მატება და შესაბამისად კლინიკური სექტორის სერიოზული გადატვირთვა, რასაც ქვეყანა ჯერჯერობით მართალია, სერიოზული შეფერხებებით, მაგრამ მაინც უმკლავდება, რაზეც მეტყველებს თუნდაც სიკვდილობის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი და ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე, კოვიდსასტუმროებში და სხვ.) გარდაცვლილი პაციენტების ძალიან მცირე რიცხვი – სულ 7-8 შემთხვევა. მაგრამ ასე გაგრძელება არ შეიძლება. მინდა, დავარწმუნო ბატონი გიორგი გრიგოლია და საქართველოს ყველა კეთილის მოსურნე, რომ ქვეყნისა და ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს მდგომარეობის შესაძლო მოკლე ვადაში გამოსასწორებლად“, – წერს თენგიზ ცერცვაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარ ინფექციონისტს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსით ინფიცირება 17 ნოემბერს დაუდასტურდა.
19 ნოემბერს მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო ცერცვაძე კლინიკაში გადაიყვანეს.
დაფიქსირდა ორმხრივი კოვიდ-პნევმონია. იმუნური სისტემის გამოკვლევით, აღენიშნება უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება. მას გადაესხა ანტივირუსული მედიკამენტი „რემდესივირი“.
დღევანდელი მონაცემებით, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
კომენტარები