ეკონომიკასაქართველო

„საქართველო ცხელ წყლებზე ზის, მოვა პერიოდი როცა გეოთერმული წყლები არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ნავთი და გაზია“

ბიზნესმენი ნოდარ გიორგაძე, რომელიც სლოვაკეთში განახლებადი ენერგიების სექტორში საქმიანობს, მიიჩნევს, რომ საქართველოს მიწისქვეშა – გეოთერმული წყლების და მზის ენერგიის გამოყენებით ელექტროენერგიის მიღების დიდი რესურსი აქვს.

როგორც ნოდარ გიორგაძე BM.GE-ისთან საუბრისას აღნიშნავს, სლოვაკეთში მთელი ელექტროენერგიის 17% განახლებადია. ანალოგიური მიდგომის აუცილებლობასა და რესურსს ის საქართველოშიც ხედავს.

„სლოვაკეთში გეოთერმულ წყლებზე ელექტრო სადგურები და ფოტო-ელექტროსადგურები მაქვს, რომლებიც უზარმაზარ ენერგიას ქმნიან. გეოთერმული წყალი მიწიდან ამოდის და წელიწადში 8 760 საათი გაუჩერებლად მოქმედებს, რაც დიდ ენერგიას იძლევა, რომელიც მთლიანად ელექტრო ქსელში მიდის.

საქართველოში თერმული წყლების უზარმაზარი პოტენციალია – იმერეთი, სამეგრელო, თბილისის მიდამოები, მაგრამ ამ ყველაფრის გაკეთება ძალიან ძვირია.

იგივე მზის ენერგიის მიმართულებით, მით უფრო საქართველოს ამ მხრივ დიდი რესურსი აქვს. სლოვაკეთში მზე 1 100 საათია, საქართველოში კი 1 500-დან 1900 საათამდეა, რაც დაახლოებით 40%-ით მეტია, მაგრამ ეს ტექნოლოგიები ძვირია“, – ამბობს ინვესტორი.

ნოდარ გიორგაძის თქმით, სლოვაკეთში სახელმწიფომ მას განახლებადი ენერგიების სექტორში პროექტების განხორციელებისას გარკვეული გარანტიები მისცა, რის გამოც მისთვის ეს მიმართულება საინტერესო გახდა.

„სლოვაკეთის სახელმწიფოსგან 15-წლიანი გარანტია მაქვს. ის ჩემგან ელექტროენერგიას ამ პერიოდის განმავლობაში სპეციალურად შემუშავებული ტარიფით ყიდულობს.

რაც შეეხება საქართველოს, განახლებადი ენერგიები ჩემთვის საინტერესო თემაა, მით უმეტეს მაშინ როდესაც ნოუ ჰაუს პატენტის მფლობელი ვარ. სლოვაკეთში 63 გრადუსიანი წყლით მივიღე ელექტროენერგია.

საქართველო ცხელ წყლებზე ზის. გეოთერმული – მიწისქვეშა წყლების გამოყენება, მოვა პერიოდი როცა არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ნავთი და გაზია. ეს საკითხი განსაკუთრებით დასამუშავებელია და აქ შესაქმნელია სპეციალური პირობები ქართველი და უცხოელი ინვესტორებისთვის თუ გვინდა, რომ სერიოზული ინვესტიციები შემოვიდეს“, – ამბობს ნოდარ გიორგაძე.

ის აღნიშნავს, რომ საქართველოში განახლებადი ენერგიების სექტორში შემოსვლისთვის მზად იმ შემთხვევაში იქნება, თუ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას იგრძნობს.

„პირობები, რომ ყოფილიყო ვიქნებოდი ერთ-ერთი პირველი ინვესტორი და ძალიან ბევრ ინვესტორს გამოვიყოლებდი აქედან – ავსტრიიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან და ბანკებიც სიამოვნებით გამომყვებოდნენ…

მქონდა მოლაპარაკებები სახელმწიფო ბანკთან და პირდაპირ მითხრეს, რომ ტურიზმის სექტორის გარდა სხვა სფეროზე არ შეგვაწუხოთო, რადგან საქართველოში ისეთი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან არ არის, რომ ჩვენ ამ შემოთავაზებაზე გამოგყვეთო.

კარგი ჩავდებ ფულს და მივიღებ ამ ენერგიას, მაგრამ მომეცი გარანტია, რომ 15 წლის განმავლობაში რაც არ უნდა მოხდეს სახელმწიფო მას ფიქსირებულ ფასად შეიძენს.

აქ არ არის საუბარი პატარა თანხებზე. ეს შეიძლება იყოს 20, 30, 50 მლნ ევრომდე მხოლოდ სლოვაკეთიდან. დაახლოებით გეტყვით, რომ 50 მლნ ევროთი ჩვენ განახლებად ენერგიებში 500 მეგავატის ენერგიის შექმნა შეგვიძლია“, – უთხრა BM.GE-ს ნოდარ გიორგაძემ.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close