საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მეორე დღეა 3000-ს აჭარბებს
აჭარაში კოვიდ-19-ით გარდაიცვალა 32 წლის ქალი, რომელსაც თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ით დაავადებული 37 პაციენტი გარდაიცვალა (გუშინ – 33) და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 636-მდე გაიზარდა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში საქართველოში კორონავირუსის 3473 შემთხვევა დადასტურდა (გუშინ – 3120) , რაც ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი გამოვლინდა, სულ აღრიცხულია 74 154 შემთხვევა.
რეგიონების მიხედვით გასული 24 საათის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების სტატისტიკა ასე გამოიყურება:
თბილისი – 1 493 შემთხვევა, აჭარა – 448, იმერეთი – 513, ქვემო ქართლი – 190, შიდა ქართლი – 175, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 287, კახეთი – 98, მცხეთა-მთიანეთი – 119, სამცხე-ჯავახეთი – 72, გურია – 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 3342-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი (გუშინ – 2358–ით). სულ გამოჯანმრთელებულია 55 511 პაციენტი (74,9%-მდე).
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვლილი 37 პაციენტიდან 10 აჭარაში მკურნალობდა. მათგან ერთ-ერთი 32 წლის ქალია, რომელსაც თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა.
ახალგაზრდა ქალი გუშინ გარდაიცვალა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. კლინიკის მენეჯერის, გია კიკაბიძის განმარტებით, პაციენტი 4 ნოემბერს შეიყვანეს და კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად გამოჩნდა, რომ მას ფილტვის 80 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა. მისივე თქმით, ფილტვის 80 პროცენტის დაზიანება ერთ და ორ დღეში არ ხდება. პაციენტის, რომელიც მანამდე ბინაზე მკურნალობდა, ჰოსპიტალიზაცია დაგვიანებით მოხდა.
„შემოყვანისთანავე ავადმყოფის მდგომარეობა იყო მძიმე. აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ციანოზი იყო გამოხატული. სასწრაფოდ გაუკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც გამოჩნდა ფილტვის 80 პროცენტის დაზიანება. იმ წუთასვე გადავიყვანეთ რეანიმაციულ განყოფილებაში და რამდენიმე საათში დაგვჭირდა ინტუბაცია. მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. განვითარდა მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, რასაც დაერთო თირკმლის მწვავე უკმარისობა და სამწუხაროდ, გუშინ გარდაიცვალა“, – განაცხადა კიკაბიძემ.
ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში , COVID-19-ის დიაგნოზით 100 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს სუნთქვის მწვავე უკმარისობის და მწვავე პნევმონიის გარდამენჯ-ბარძყის მოტეხილობა ჰქონდა.
1tv.ge-ს მიხედვით
კომენტარები