მსოფლიო

კორონავირუსის მუტაციის გამო დანიაში 15 მილიონზე მეტ წაულას გაანადგურებენ

დანია, წაულების („ნორკა“) ბეწვის უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში, ამ ცხოველების მთლიანი პოპულაციის – 15 მილიონზე მეტი ინდივიდის განადგურებას გეგმავს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ცნობები, რომ წაულებში კორონავირუსის მუტაცია მოხდა, რომელიც შეიძლება ადამიანებშიც გადავიდეს და საფრთხე შეუქმნას სამომავლო ვაქცინებს.

ვირუსი დანიის სხვადასხვა ფერმაში უკვე 200-ზე მეტ წაულაში დააფიქსირეს. დანია ამ ცხოველის ბეწვის უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში. წაულა კვერნისებრთა ოჯახის ძუძუმწოვარი ცხოველია, რომლის ბეწვის განსაკუთრებით ძვირად ფასობს.

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მუტაციაგანცდილი ვირუსით უკვე 12 ადამიანია ინფიცირებული და წაულები საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხედ უნდა ჩავთვალოთ.

პრემიერის განცხადებით, მოხდება პოლიციის, არმიისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურების მობილიზება, რათა ისინი ფერმებს წაულების განადგურებაში დაეხმარონ.

აღსანიშნავია, რომ დანიაში მილიონამდე წაულა ოქტომბერშიც გაანადგურეს. გარდა ამისა, ამ ზაფხულს, ვირუსის ასეთივე გავრცელების გამო, 100 000-მდე წაულა გაანადგურეს ესპანეთში. სექტემბერში, იუტის შტატის ერთ-ერთ ფერმაში, ვირუსმა ათასობით ეს ცხოველი იმსხვერპლა.

დანიის ხელისუფლების გადაწყვეტილების მიზანია, ხელი შეუშალოს ამ კონკრეტული მუტაციის გავრცელებას.

ამ ეტაპზე არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი სამეცნიერო მონაცემები ამ მუტაციის ვირუსის ან მისი ქცევის შესახებ, მაგრამ როგორც პრემიერ-მინისტრმა ფრედერიკსენმა განაცხადა, ვირუსის ეს ვარიანტი ნაკლებად მგრძნობიარეა ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების მიმართ.

დეტალური სამეცნიერო კვლევებია საჭირო, რათა გაირკვეს მუტაციის გავლენა პანდემიის ტრაექტორიაზე, ვაქცინებისა და პრეპარატების შექმნაზე.

მომზადებულია The Verge-ისა და The Guardian-ის მიხედვით.

ავტორი მიხეილ ჭაბუკაშვილი

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close