მსოფლიოსაზოგადოება
თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა
თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას მედია ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტოზე (AFAD) დაყრდნობით ავრცელებს.
სტიქიის შედეგად თურქეთში 885 ადამიანი დაშავდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოჯას განცხადებით, ამ დროისთვის 243 ადამიანს მკურნალობენ, რვა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია, მათგან სამი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. 15 ადამიანს ოპერაცია ჩაუტარდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
მისივე ცნობით, მაშველებმა ნანგრევებიდან 100-მდე ადამიანი ამოიყვანეს.
ადგილზე მუშაობს 5 ათასი მაშველი და 20 მეძებარი ძაღლი.
თურქული ტელეკომპანია TRT-ს ცნობით, 23-საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან დედა და მისი სამი შვილი ამოიყვანეს, მათგან ერთი ბავშვი დაიღუპა. ამასთან, ტელეკომპანიის ინფორმაციით, ნანგრევებში ქალის კიდევ ერთი შვილი იმყოფება.
თურქეთში 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის („როიტერის“ ინფორმაციით – 7.0 მაგნიტუდის) მიწისძვრა 30 ოქტომბერს მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ იზმირის სანაპიროსთან, ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. სტიქიას 400-ზე მეტი ძლიერი ბიძგი მოჰყვა. ბიძგები იგრძნობოდა საბერძნეთშიც. ეგეოსის ზღვში მდებარე ბერძნულ კუნძულ სამოსზე მიწისძვრის გამო 2 მოსწავლე, 17 წლის ბიჭი და 15 წლის გოგონა, დაიღუპა, 8 ადამიანი დაშავდა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები