ჯანდაცვის სამინისტროში „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ ამოქმედდა
კოვიდ-19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტების და, ასევე, მათთან კონტაქტში, თვითიზოლაციაში მყოფი პირების ბინაზე მეთვალყურეობის მიზნით, მართვის ცენტრალიზებული მექანიზმი ე.წ. „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ ამოქმედდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური ონლაინ კლინიკა პაციენტების მეთვალყურეობის სისტემატურ და ეფექტურ მონიტორინგს დისტანციურად განახორციელებს, ხოლო პაციენტის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში დაუყოვნებლად უზრუნველყოფს სათანადო რეაგირებას.
ონლაინ კლინიკა ჯანდაცვის სამინისტროს შენობაშია განთავსებული და ექიმებით, უმცროსი ექიმებით, რეზიდენტებითა და ოპერატორებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც სპეციალური მომზადება უკვე გაიარეს.
სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ რეგიონული პრინციპით, ვერტიკალური მართვის ქვეშ ორი მიმართულებით იმუშავებს. გადამზადებული ოჯახის ექიმები პაციენტების ბინაზე მეთვალყურეობას განახორციელებენ. ხოლო ბინაზე მეთვალყურეობის ხარისხის კონტროლს და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მუშაობის მონიტორინგს – მონიტორ/ოპერატორები განახორციელებენ.
„ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ შემთხვევების შესახებ ინფორმაციას იღებს 112-ის ცენტრიდან, სადაც იქმნება პაციენტის საქმე. შემდგომი რეაგირების მიზნით, ხორციელდება საქმეების განაწილება ონლაინ კლინიკებში და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს „ცენტრალურ ონლაინ კლინიკაში“, სადაც გადამზადებული ოჯახის ექიმები ახდენენ დიფერენციულ დიაგნოსტიკას და ზარი ბრუნდება ისევ 112-ში რეაგირების მიზნით ან რჩება ოჯახის ექიმთან მეთვალყურეობაზე.
დღეის მდგომარეობით, COVID-19-ის მართვაში სულ 59 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაა ჩართული. ასევე გაფართოვდა აღნიშნული კლინიკების საქმიანობის არეალი და შემუშავდა COVID-19-ის მსუბუქად მიმდინარე ფორმის მქონე პაციენტების იზოლაციის პირობებში სამედიცინო მეთვალყურეობის განხორციელების ალგორითმი.
„ონლაინ კლინიკის ფუნქცია-მოვალეობას წარმოადგენს: 112-ის ცენტრიდან გადამისამართებული სატელეფონო ზარების მიღება; შესაბამისი პაციენტების კონსულტირება (24/7) და ზედამხედველობა დისტანციურ რეჟიმში შემუშავებული პროტოკოლის შესაბამისად; ასევე, ამბულატორიულად პსრ ტესტირების განხორციელება; COVID-19-ის დიაგნოზის დადასტურებულ შემთხვევებზე სატელეფონო ზარის განხორციელება; ანამნეზის შეკრება, პაციენტის საწყისი კლინიკური შეფასება; მდგომარეობის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება პაციენტის ბინაზე დატოვების, შესაბამის საიზოლაციო სივრცეში (სასტუმრო) გადამისამართების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ; ამასთან, ბინაზე დატოვების შემთხვევაში, ონლაინ კლინიკის ექიმებს გაუჩნდათ პაციენტების ყოველდღიური სატელეფონო მონიტორინგის ფუნქცია;
ყოველდღიურად დაფიქსირებული მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით, აღნიშნული მოდელის ამოქმედება სამინისტროს მხრიდან დაჩქარებულ რეჟიმში განხორციელდა“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
კომენტარები