რუსთავში 21 წლის ბიჭი გარდაიცვალა, რომელიც კოვიდსასტუმროდან გუშინ გაწერეს
რუსთვში დღეს 21 წლის ბიჭი გარდაიცვალა, რომელიც კოვიდსასტუმროდან გუშინ გამოწერეს. იგი კოვიდსასტუმროში კორონავირუსულ ინფექციაზე მკურნალობდა.
გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის მეგობარმა „ინფო რუსთავს“ უთხრა, რომ ბიჭი მოულოდნელად ცუდად გახდა და წაიქცა.
„ბიჭებს მუშაობა უნდა დაეწყოთ და გაუხდათ ცუდად, წაიქცა ორმოში. ამოიყვანეს და სანამ სასწრაფო მოვიდა, თვითონ რაც შეძლეს, გულის მასაჟები გაუკეთეს, თუმცა ვერ გადრჩა“, – უთხრა გარდაცვლილის მეგობარმა „ინფო რუსთავს“.
მისივე თქმით, ახალგაზრდა კაცი კოვიდსასტუმროში კორონავირუსზე მკურნალობდა და გუშინ გამოწერეს.
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის, ამირან გოგიტიძის ინფორმაციით, რომელმაც მოგვიანებით გააკეთა განცხადება, პირველადი მონაცემებით, ახალგაზრდა კაცი გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა.
„მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ აღნიშნული პირი იყო კოვიდგამოჯანმრთელებული და მისი დაკრძალვა არ მოხდება კოვიდით გარდაცვლილთა პროტოკოლით. ის გაწერის დროს თავს კარგად გრძნობდა, არ ჰქონდა ჩივილები. რამდენჯერმე მან ექიმს მიმართა, რომ დროზე ადრე დაეტოვებინა საკარანტინო სივრცე იმიტომ, რომ თავს კარგად გრძნობდა… დღეს ის ნახეს სახლის ეზოში გარდაცვლილი“, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
უწყების ინფორმაციით, 21 წლის ბიჭი საკარანტინო სივრცეში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო მოთავსდა. საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ კი მას კორონავირუსი დაუდგინდა. სწორედ ამ დროიდან იყო იგი კოვიდსასტუმროში.
კომენტარები