იტალიასაზოგადოება

იტალიაში „დიავოლო“ გარდაიცვალა

იტალიაში 100 წლის ასაკში გარდაიცვალა წინააღმდეგობის მოძრაობის ვეტერანი ჯერმანო ნიკოლინი (Germano Nicolini), რომელიც ცნობილი იყო საბრძოლო მეტსახელით ‘Diavolo’ (იტ. ეშმაკი). ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

ნიკოლინი 26 ნოემბერს 101 წლის უნდა გამხდარიყო. იგი შაბათს გარდაიცვალა ქალაქ კორეჯოში (რეჯო ემილიის პროვინცია), იტალიის ჩრდილოეთში.

მეორე მსოფლიო ომის დროს ნიკოლინი გერმანელმა ოკუპანტებმა დააკავეს რომში, თუმცა გაიქცა და პარტიზანებს შეუერთდა. ნიკოლინიმ ფართოდ გაითქვა სახელი ემილია რომანიის რეგიონში, როგორც პარტიზანთა რაზმის მეთაურმა, საბრძოლო მეტსახელით „დიავოლო“.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ მალევე, 1946 წლის დეკემბერში, 27 წლის ასაკში, ჯერმანო ნიკოლინი ქალაქ კორეჯოს მერად აირჩიეს.

1947 წელს ნიკოლინი უსამართლოდ დაადანაშაულეს ადგილობრივი სასულიერო პირის, უმბერტო პესინას მკვლელობაში, რომელიც 1946 წლის 18 ივნისს თავისი სახლის შესასვლელთან ორი გასროლით მოკლეს. ნიკოლინის ბრალდება წაუყენეს ერთ-ერთი ქალის, იდა ლაზარეტის ჩვენების საფუძველზე, რომელმაც თქვა, რომ წინა დღით გაიგონა მერის ნათქვამი: „ეს მღვდელი დაუყოვნებლივ უნდა იქნას მოშორებული ამ სამყაროდან“. 1949 წელს მას 22 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ნიკოლინი 10 წელი იჯდა ციხეში და ვადამდე გათავისუფლდა. იგი ბოლომდე გაამართლეს და ღირსება და ყველა უფლება აღუდგინეს მხოლოდ 1994 წელს, როდესაც ნამდვილმა მკვლელებმა – 3-მა ყოფილმა პარტიზანმა – დანაშაული აღიარეს.

მანამდე თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ამტკიცებდა ნიკოლინი, რომ უდანაშაულო იყო და გამოძიების განახლებას მოითხოვდა. გამოძიება 1990 წელს განახლდა, 1992 წელს ადა ლაზარეტის ნათესავი გოგონას თქმით, ქალმა მას გაანდო, რომ მაშინ ცრუ ჩვენება მისცა კორეჯოს მღვდლის, დონ ენცო ნევიანის მითითებით, ფულის სანაცვლოდ. 

ერთ-ერთ ინტერვიუში ნიკოლინიმ განაცხადა, რომ მას „იტალიის ისტორიის ნაწილს“ უწოდებენ. „შესაძლოა ასეცაა“, – თქვა მან,  თუმცა სრული სიმართლე ისაა, რომ „ციხეში 10 წელი გავატარე უდანაშაულოდ“, მაგრამ „დავრჩი იმად, ვინც ვარ – ანტიფაშისტი, დემოკრატი, წინააღმდეგობის მოძრაობის პარტიზანი“. 

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close