ილია მეორე – ღმერთი მოწყალეა, გადაარჩენს საქართველოს, შიში არ უნდა გქონდეთ!
დაფუძნდა ფონდი „მოწყალე სამარიტელი“, გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოქალაქეებს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.
პატრიარქის თქმით, ღმერთი მოწყალეა და საქართველოს გადაარჩენს.
„კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობას. ეს არის დიდი სასწაული, სასწაული დღევანდელი დღეცაა, ღმერთი მოწყალეა, გადაარჩენს საქართველოს. შიში არ უნდა გქონდეთ, რწმენა და სიყვარული, დალოცვილი იყავით, ჩვენთან არს ღმერთი!“ – განაცხადა ილია მეორემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ახალდაარსებული ფონდის, „მოწყალე სამარიტელის“ შესახებაც ისაუბრა, რომლის მიზანი გაჭირვებული ადამიანების დახმარება იქნება.
„დაფუძნდა ფონდი „მოწყალე სამარიტელი“, გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად. ვისაც სურს, მიიღოს მონაწილეობა, ამ ფონდში თვეში შემოიტანს ერთ ლარს. იმედი მაქვს, ეს ფონდი დაეხმარება გაჭირვებულ სტუდენტებს, გაჭირვებულ ხალხს“, – აღნიშნა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.
14 ოქტომბერს მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, იგივე კვართის დღესასწაული აღინიშნება.
გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაკრძალა.
ლეგენდის თანახმად, საფლავზე ამოსულა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი, მათ შორის, ერთი, „სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი“, ვერ აღუმართავთ. ის მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აღნიშნულ ადგილზე აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც.
1tv.ge-ს მიხედვით
კომენტარები