საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა
გასულ 24 საათში 9 პაციენტი დაიღუპა
საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის 12 841 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 329 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 6 867-ს აღწევს.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 102-ს შეადგენს.
საქართველოში გასულ 24 საათში ჩატარებული ტესტირებების შედეგად გამოვლენილი 569 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 207 აჭარიდანაა. თბილისში 168 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ინფიცირებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით:
- აჭარა – 207;
- თბილისი – 168;
- იმერეთი – 117;
- შიდა ქართლი – 25;
- ქვემო ქართლი – 7;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 24;
- გურია – 8;
- მცხეთა-მთიანეთი – 5;
- კახეთი – 5;
- სამცხე-ჯავახეთი – 3.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი ცხრა პაციენტიდან 5 აჭარაში მკურნალობდა; ყველა მათგანის მდგომარეობა კრიტიკული იყო.
საქართველოში გუშინ კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 პაციენტი გარდაიცვალა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 25-30 ოქტომბრიდან საქართველო რემდესივირს მიიღებს.
მისი განმარტებით, საქართველომ გამონახა გზები, რომ რემდესივირი ქვეყანაში სწრაფად შემოსულიყო. ამ პრეპარატს კრიტიკულად მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ გამოიყენებენ.
„საქართველოს იმ მოქალაქეების მკურნალობას, ვისაც აქვს მძიმე ან კრიტიკულად მძიმე ფორმა, ყველაფერ იმასთან, რაც აქამდეც იყო – უმაღლესი სტანდარტების ზოგადი თერაპია, სტანდარტული თერაპია, მოვლა და ზოგიერთი ინოვაციური მიდგომა, მაგალითად, პლაზმის გადასხმა – დაემატება დღეისთვის ნომერ პირველი საშუალება, რემდესივირი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ
მანანა ბანძელაძე
კომენტარები