fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა, მხარეები სამხედრო შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი, მათ შორის, მშვიდობიან მოქალაქეებში.

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. გამოყენებულია მძიმე ტექნიკა და არტილერია.

სომხეთში კი აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გააკეთა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კი იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, სროლის ხმა ისმის სტეპანაკერტშიც.

მთიან ყარაბაღში მოქალაქეებს ურჩევენ, სახლიდან არ გავიდნენ და ბუნკერებში ჩავიდნენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის შესახებ თურქ კოლეგას ესაუბრა. ილჰამ ალიევისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის სატალეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის ლიდერის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„ერდოღანმა დაურეკა ალიევს და მიუსამძიმრა აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედროების დაღუპვის გამო, რაც შეხების ხაზზე სომხეთის სამხედრო პროვოკაციის შედეგად მოხდა. ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთის აზერბაიჯანის გვერდითაა“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

სომხეთში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, სომხეთის რესპუბლიკაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო შეკრება გამოცხადდა. გადაწყვეტილება მისი გამოქვეყნებისთანავე შედის ძალაში. მოვუწოდებ შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას, გამოცხადდნენ სამხედრო კომისარიატებში. ჩვენი სამშობლოს, ჩვენი გამარჯვებისთვის“, – წერს ფაშინიანი.

1tv.ge-ს მასალების მიხედვით

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close