დღეს, 25 სექტემბერს პარიზში უცნობები დანით დაესხნენ თავს გამვლელებს ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციის ძველ შენობასთან. რედაქციის ამჟამინდელი მისამართი გასაიდუმლოებულია 2015 წლის იანვარში ტერორისტების თავდასხმის შემდეგ.
ინციდენტი პარიზის დროით 11:45 სთზე (13:45 თბილისის დროით) მოხდა ბასტილიის მოედნიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით.
თავდამსხმელმა და მისმა თანამზრახველმა 4 ადამიანი დაჭრეს, მათგან 2 მძიმე მდგომარეობაშია.
პოლიციამ ორივე სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. ერთ-ერთი მათგანი ბასტილიის მოედანზე ოპერის შენობის კიბეებზე აღმოაჩინეს, მას ტანსაცმელზე სისხლის ლაქები ეცხო, მეორე კი – მეტროს სადგურში.
BFMTV-ს ცნობით, ერთმა დაკავებულმა დანაშაული აღიარა.
პარიზის პროკურატურამ ინციდენტი შეაფასა, როგორც მკვლელობის მცდელობა.
Agence France-Presse-ის ინფორმაციით, გამოძიებაში პარიზის პროკურატურის ტერორიზმთან ბრძოლის დეპარტამენტიც ჩაერთო.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ჟან კასტექსის ინფორმაციით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები