იტალიაში საკონსტიტუციო რეფერენდუმი 2020 წლის 29 მარტს იყო დანიშნული, თუმცა კორონავირუსის გავრცელების ფონზე საერთოეროვნული კარანტინის გამოცხადების გამო გადაიდო და 20-21 სექტემბერს რეგიონულ არჩევნებთან ერთად ჩატარდა. ამომრჩეველთა აქტივობა, წინასწარი მონაცემებით, 50%-ს აღემატებოდა. აღსანიშნავია, რომ ზღვარი არ იყო დაწესებული. პროცედურა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ უსაფრთხოების ზომების მკაცრი დაცვით ჩატარდა. საარჩევნო უბნები 21 სექტემბერს ადგილობრივი დროით 15:00 სთ-ზე დაიხურა და ხმების დათვლა დაიწყო.
ამ დროისთვის ადგილობრივი მედიასაშუალებები უკვე აქვეყნებენ („ანსა“) წინასწარ მონაცემებს, რომლებიც ადასტურებს, რომ, ძირითადად, მართლდება პროგნოზები, რომლებიც არჩევნებამდე და რეფერენდუმამდე კეთდებოდა (ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვით, რეფერენდუმზე პარლამენტის წევრთა შემცირებას მხარს მომრჩეველთა 70%-მდე დაუჭერდა).
ამ დროისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, რეფერენდუმზე წარმოდგენილ მთავარ კითხვას დადებითი პასუხი გასცა ამომრჩეველთა 69,58%-მა, 30,42%-მა კი – უარყოფითი. საკონსტიტუციო რეფერენდუმის მთავარი კითხვა ასე იყო ფორმულირებული: „ეთანხმებით თუ არა საკონსტიტუციო კანონის ტექსტს პარლამენტარების რაოდეობის შემცირებისთვის 56-ე, 57-ე და 59-ე მუხლების შეცვლასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტმა მიიღო და Gazzetta Ufficiale-ს 240-ე ნომერში გამოქვეყნდა 2019 წლის 12 ოქტომბერს?“
„რასაც დღეს მივაღწიეთ, ისტორიული შედეგია. ნორმალურ პარლამენტს დავუბრუნდებით, 345-ით ნაკლები ადგილით და ნაკლები პრივილეგიით. ეს არის პოლიტიკა, რომელიც სიგნალს აძლევს მოქალაქეებს. „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ გარეშე ეს ყველაფერი არასოდეს მოხდებოდა“, – დაწერა სამთავრობო კოალიციაში შემავალი „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერმა, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ თავის ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ სწორედ „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ინიციატივით შევიდა 2018 წლის სექტემბერში შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში და ეს საკითხი იყო ლუიჯი დი მაიოს პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი თემა 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
„5 ვარსკვლავის მოძრაობის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც რეფერენდუმამდე პარლამენტის ორივე პალატამ მხარი დაუჭირა, გულისხმობს პარლამენტის წევრთა რაოდენობის 345-ით შემცირებას. ამჟამად იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატა (ქვედა პალატა) 630 წევრისგან შედგება, რეფორმის შემდეგ კი მათი რიცხვი 400 იქნება. რაც შეეხება სენატს (ზედა პალატა), ხალხის რჩეულთა რიცხვი 315-იდან 200-მდე შემცირდება; აგრეთვე, შემცირდება უვადო (სიცოცხლის ბოლომდე) სენატორების რაოდენობა, რომლებსაც რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიშნავს – მაქსიმუმ 5 სენატორი. რეფორმის შედეგად, მთლიანობაში, იტალიის პარლამენტის ორივე პალატაში 345 წევრით ნაკლები იქნება.
ახალ კოალიციურ მთავრობაში შემავალი „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერები ამბობენ, რომ ცვლილებების მიზანი ბიუროკრატიის, სამთავრობო ხარჯებისა და კორუფციის შემცირებაა. მათი გათვლებით, პარლამენტართა რაოდენობის შემცირება 5 წლის განმავლობაში ქვეყანას 500 მილიონ ევროს დაუზოგავს. დამოუკიდებელი ეკონომისტების გათვლებით კი, 285 მილიონ ევრომდე დაიზოგება.
ამ დროისთვის იტალია ევროკავშირში პირველ ადგილზეა დეპუტატთა რიცხვით ერთ სულ მოსახლეზე (მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავიდა; დიდი ბრიტანეთი ამ მაჩვენებლით ევროკავშირში პირველ ადგილზე იყო).
ახალი კანონი იმოქმედებს პარლამენტის პირველი დათხოვნისთანავე, თუმცა არაუადრეს 60 დღის შემდეგ კანონის ძალაში შესვლიდან.
იტალიის ისტორიაში ეს მეოთხე საკონსტიტუციო რეფერენდუმია, ხოლო მეორეა, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობის მხარდაჭერით საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება.
რაც შეეხება რეგიონულ არჩევნებს, ის რეფერენდუმთან ერთად 7 რეგიონში ჩატარდა – ტოსკანაში, ლიგურიაში, კამპანიაში, ვალ დ’აოსტაში, მარკეში, აპულიასა და ვენეტოში. მოქალაქეებმა რეგიონების პრეზიდენტები და ადგილობრივი მთავრობები აირჩიეს.
როგორც „ანსას“ მიერ გამოქვეყნებული ზემოთ მოცემული გრაფიკიდან ჩანს, კამპანიაში ლიდერობს მოქმედი პრეზიდენტი ვინჩენცო დე ლუკა, რომლის გამარჯვებას სპეციალისტები წინასწარმეტყველებდნენ. მმართველ კოალიციაში შემავალი „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლის, ვინჩენცო დე ლუკას რეიტინგი მის მიერ გატარებული ზომების გამო მკვეთრად იყო გაზრდილი. დე ლუკა სოციალურ ქსელებშიც პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც არალეგალური შეკრებების მონაწილეებს ცეცხლსატყორცნით შეიარაღებული პოლიციელების გამოძახებით დაემუქრა.
მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლის პროვინცია ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილია, იქ კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 4000 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ შედეგს დე ლუკას მიერ გატარებულ მკაცრ ზომებს უკავშირებენ, რის გამოც ის მთავარ კონკურენტს, ბერლუსკონის პარტიის წარმომადგენელს, რეგიონის ყოფილ პრეზიდენტ სტეფანო კალდოროს უკანასკნელი გამოკითხვებით 20%-ით უსწრებდა.
განსხვავებული სიტუაციაა მარკეში, სადაც მემარჯვენე პარტიების საერთო კანდიდატი, პარტია „იტალიის ძმების“ წარმომადგენელი ფრანჩესკო აკუაროლი ლიდერობს, წინასწარი მონაცემებით, 49,6%-ით. რეგიონის მოქმედი პრეზიდენტია „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელი ლუკა ჩერიშოლი, თუმცა პარტიამ არჩევნებში თავის კანდიდატად მაურიციო მანჯიალარდი წარადგინა, რომელსაც 35.9% აქვს.
მემარცხენე კოალიციის წარმომადგენელს, ტოსკანის რეგიონის მოქმედ პრეზიდენტს ეუგენიო ჯანის ამომრჩეველთა 48%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მოწინააღმდეგეს – მატეო სალვინის „ჩრდილოეთის ლიგის“ კანდიდატს, ევროპარლამენტარ სუზანა ჩეკარდის – 40,7%-მა.
აპულიის რეგიონში პირველ ადგილზეა „დემოკრატიული პარტიის“ ყოფილი წევრი, ამჟამად დამოუკიდებელი კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი მიკელე ემილიანო. იგი თავის მთავარ კონკურენტს, „იტალიის ძმების“ წევრ ევროპარლამენტარ რაფაელე ფიტოს 7%-ზე მეტით უსწრებს. ფიტოს წინააღმდეგ 2000-2005 წლებში რეგიონის პრეზიდენტობის დროს ჩადენილი კორუფციის ბრალდებით საქმე იყო აღძრული, იგი გაამართლეს, მაგრამ ეს ფაქტი მის რეპუტაციაზე მაინც უარყოფითად აისახა.
სამთავრობო კოალიციის პარტნიორებმა, „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ და „დემოკრატიულმა პარტიამ“ შეთანხმება მოახერხეს ლიგურიაში წარსადგენ კანდიდატზე. რეგიონის მოქმედი პრეზიდენტი ჯოვანი ტოტი ბერლუსკონის პარტიას წარმოადგენს და მიუხედავად სამთავრობო კოალიციის პარტიების საერთო კანდიდატისა, ტოტი, როგორც მოსალოდნელი იყო, ლიდერობს 54,9%-ით.
თავიდანვე ნათელი იყო, ვენეტოში რა მოხდებოდა: რეგიონის მოქმედი პრეზიდენტი, „ჩრდილოეთის ლიგის“ წევრი ლუკა ძაია არა მარტო რეგიონში, არამედ მთელ ქვეყანაში ყველაზე პოპულარული ადგილობრივი მმართველია. მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ძაია კორონავირუსის პანდემიას ეფექტიანად გაუმკლავდა და ადრეულ ეტაპზე დაიწყო ფართომასშტაბიანი ტესტირების პროგრამა. გამოკითხვების მიხედვით, მას ხმათა მინიმუმ 70%-ს უწინასწარმეტყველებდნენ. წინასწარი მონაცემებით, ლუკ ძაიას 75,9% აქვს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ ძაიას პოპულარობა „ლიგის“ ლიდერის, მატეო სალვინისას გაუსწრებს, შესაძლოა პარტიის ლიდერობა სწორედ ძაიას ხელში გადავიდეს. ლუკა ძაიას პოპულარობის ზრდის გარდა ამას შესაძლოა ხელი შეუწყოს იმ ფაქტმაც, რომ სალვინის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს და „ლიგის“ ლიდერს პატიმრობა ემუქრება.
იტალიის სენატმა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ სალვინის საპარლამენტო იმუნიტეტი მიგრანტებისათვის იტალიის პორტების უკანონოდ დაკეტვის ორ საქმეზე მოუხსნა. შესაბამისად, მისი საქმე სასამართლოს გადაეცემა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სალვინის 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ვალ დ’აოსტაში ამომრჩეველი რეგიონულ არჩევნებში სხვა სისტემით აძლევდა ხმას, ვიდრე დანარჩენ რეგიონებში. აქ პირველ ადგილზე „ჩრდილოეთის ლიგაა“ 20-24%-ით, მეორეზე – „პროგრესული სამოქალაქო პროექტი“ (რომელშიც „დემოკრატიული პარტიაც შედის“).
რეგიონული არჩევნების შედეგებს დიდი მნიშვნელობა აქვს იმის გასარკვევად, როგორია დღეს მოსახლეობის მხარდაჭერა სამთავრობო კოალიციისა და მემარჯვენე პარტიების, უპირველესად კი, ჩრდილოეთის „ლიგის“ მიმართ, რომელიც 2018 წელს საპარალამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებულ წინა სამთავრობო კოალიციაში შედიოდა ლუიჯი დი მაიოს „5 ვარსკვლავის მოძრაობასთან“ ერთად.
დაბოლოს, ჩატარდება დამატებითი კენჭისყრები – როგორც რეფერენდუმის, ისე რეგიონული არჩევნების. ადმინიტრაციული კონტროლი კი 22 სექტემბრის დილის 9 საათიდან დაიწყება.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები