fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

კორონავირუსი საბერძნეთში: ორშაბათიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდება

ბერძენი ინფექციონისტები და ეპიდემიოლოგები, რომლებიც საბერძნეთის სატელევიზიო არხებზე უამრავ ინტერვიუს იძლევიან, მუდმივად საუბრობენ 15-დღიანი სრული და მკაცრი კარანტინის აუცილებლობაზე ქვეყნის უდიდესი რეგიონისთვის – ატიკისთვის (სადაც, პრაქტიკულად, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი – 5 მლნ ადამიანი ცხოვრობს).

ამ დროისთვის ხელისუფლებას თანდათანობით შემოაქვს სულ უფრო და უფრო მეტი შეზღუდვა. ორშაბათს, 21 სექტემბერს მორიგი ახალი შეზღუდვები ამოქმედდება, ამის შესახებ ბერძნული მედია წერს. ჯერჯერობით მათი მოქმედების ვადად 4 ოქტომბერი განისაზღვრა. როგორც ცნობილია, მანამდე შემოღებული ზომები 30 სექტემბრამდე მოქმედებს.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ახალი ზომების ეფექტიანობა მათი ძალაში შესვლიდან 10-14 დღეში შეიძლება შეფასდეს.

შეზღუდვების ახალი ზომები კი ასეთია:

საჯარო შეკრებები – მაქსიმუმ 10 კაცი;

აიკრძალა კონცერტები როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში;

იკეტება დახურული კინოთეატრები;

საოფისე თანამშრომლების 40% დისტანციურ მუშაობაზე გადადის;

ქორწილზე, ნათლობასა თუ დაკრძალვაზე მაქსიმუმ 20 ადამიანის შეკრება დაიშვება;

65 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს რეკომენდაცია მიეცათ, შეზღუდონ გადაადგილება და უარი თქვან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე.

საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტელიოს პეცასმა შაბათს, 19 სექტემბერს ტელეარხ „მეგას“ ეთერში განაცხადა: „პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო ყოველთვის მზადაა მიიღოს ზომები, რომლებიც აუცილებელია ადამიანთა სიცოცხლის დასაცავად, ჩვენც, აგრეთვე, მზად ვართ“.

პეცასის თქმით, სხვა ქვეყნებთან შედარებით საბერძნეთში ძველებურად უკეთესი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა ინფიცრებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის მხრივ, მაგრამ „თუ საჭირო გახდება დამატებითი ზომების მიღება იმისათვის, რომ ადამიანთა სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას, ამას გავაკეთებთ!“

საბერძნეთში COVID-19-ით დაავადების შემთხვევების ზრდა ივლისის ბოლოდან დაიწყო, როდესაც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ყველა შეზღუდვა მოიხსნა და საზღვარგარეთიდან ქვეყანაში ტურისტების მასობრივი შესვლა დაიწყო.

რაც შეეხება სტატისტიკას: გასულ 24 საათში საბერძნეთში ინფიცირების 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო მაჩვენებელი 14 978-მდე გაიზარდა; ბოლო ერთი დღის განმავლობაში კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდ-19-ით, შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვმა 331-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 9989 პაციენტი. ამ დროისთვის აქტიურ ინფექციის მატარებელთა (4658) შორის 65-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close