„ორი ცხედარი დენის ხაზებზე დარჩა“ – ქუთაისში ორი ადამიანი დენის დარტყმით დაიღუპა, მესამე დაშავდა
ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე უბედური შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მათ მე-9 ჩიხში ელექტროგადამცემ ბოძებზე ხაზები გადაჰყავდათ, როდესაც დენმა დაარტყათ.
ორი ცხედარი ელექტროგადამცემ ხაზებზე შერჩა, მესამე მუშა სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაღუპულები საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები იყვნენ. დაშავებული რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
კლინიკის დირექტორის, ირაკლი გოგინავას თქმით, მას დაზიანება კიდურებზე აქვს და ქირურგიული ჩარევა დასჭირდება.
„შემოყვანილია ახალგაზრდა მამაკაცი, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, ტარდება კვლევები. დაზიანებულია კიდურის სხვადასხვა ნაწილი, არის მოტეხილობები და დამწვრობა. გაეწია პირველადი დახმარება. არის სტაბილური, პარამეტრები ექვემდებარება მართვას. დასჭირდება ქირურგიული ჩარევა“, – განაცხადა ირაკლი გოგინავამ.
„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ ქუთაისში, რკინიგზაზე მომხდარი შემთხვევის დროს ტერიტორიაზე ელექტროენერგია გათიშული იყო. კომპანიის წარმომადგენელი „მთავართან“ სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ ხაზზე დენის მიწოდება 14 საათსა და 18 წუთზე გაითიშა და მუშებმაც სამუშაოები ამის შემდეგ დაიწყეს:
„მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნულ სადენს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელიდან არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. ხაზი გაითიშა 14 საათსა და 18 წუთზე. ამის შემდეგ დაიწყეს ხაზზე მუშაობა. ელექტროენერგია შეწყვეტილი რომ არ ყოფილიყო, ხაზზე მუშაობის დაწყებასაც, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებდნენ. უნდა ითქვას, რომ არც მომდევნო პერიოდში არ აღდგენილა ძაბვის მიწოდება კომპანიის ქსელიდან. არსებობს ტექნიკური საშუალება, რომ სხვა მხრიდან მიეღო აღნიშნულ ხაზს ძაბვა, ის მიმართულებაც არ არის ენერგო-პრო ჯორჯიას საკუთრება“, – ამბობს ავთო დვალშვილი.
მომხდართან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზამ განცხადება გაავრცელა.
„ქუთაისში, თაბუკაშილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა. გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე ელექტრომონტიორი). „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლების გარდაცვალებისა და დაზიანების გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. კომპანია თანამშრომლობს გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები. მოკვლევაში ჩართულია შრომის უსაფრთხოების სამსახური“, – ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის ობიექტებზე უსაფრთხოების ზომების დარღვევას, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
akhalitaoba.ge
კომენტარები