„ზღვარზე“ – საქართველოში დაწყებული და ემიგრაციაში დასრულებული რომანის პრეზენტაცია იტალიის ქალაქ ბარიში
27 აგვისტოს იტალიის ქალაქ ბარიში ემიგრანტი ქალბატონის, მარიამ ცხვედაძის რომანის „ზღვარზე“ პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაცია-გაყიდვას, რომელსაც ქართველი ემიგრანტები ესწრებოდნენ, ქალაქ ბარიში არსებულმა ქართულმა რესტორანმა „ნიკალამ“ უმასპინძლა. ღონისძიებას ორგანიზება ემიგრანტმა ქალბატონმა, პოეტმა ლელა ლაჩაშვილმა გაუწია.
„დამეთანხმებით ალბათ, რომ საქართველოში გაზაფხულის მზეც და დილაც რაღაც განსაკუთრებულად სხვანაირია, თანაც როცა ყველაფერ ამას იმედის ჭრელი ფერები დაემატება, ხომ წარმოგიდგენიათ, რა იქნება… ჰოდა, ეს ამბავიც გაზაფხულის ერთ ლამაზ დილას ასე დაიწყო“, – ამგვარად იწყება მარიამ ცხვედაძის რომანი, რომელზე მუშაობაც ავტორმა ჯერ კიდევ საქართველოში ცხოვრების დროს დაიწყო და ათი წლის შემდეგ იტალიაში დაასრულა.
ნაწარმოებში მკითხველი მძაფრი შეგრძნებებით სავსე სიუჟეტურ განვითარებას იხილავს. ავტორი მდიდარი ფანტაზიით უყვება მკითხველს სიყვარულზე, კრიმინალსა და ცხოვრებისეულ თავგადასავლებზე.
რომანი „ზღვარზე“ გამომცემლობა „კალმოსანმა“ გამოსცა. წიგნის რედაქტორია მაია მიქაია.
სტუმრებისთვის საღამოს კულმინაცია გახდა ქართველი ემიგრანტი პოეტისა და მთარგმნელის, მელი თურმანიძის პოეზიის გაცნობა. ქალბატონმა მელიმ ქართველ მსმენელს თავისი საოცრად ჰარმონიული და მგრძნობიარე პოეზიის ნიმუშები წაუკითხა.
დღევანდელ საემიგრაციო საზოგადოებაში, და არა მარტო, მელი თურმანიძის შემოქმედებას საპატიო ადგილი უკავია.
მოგეხსენებათ, რომ ემიგრაციაში მყოფი ადამიანებისთვის შემოქმედებითი საღამოების მოწყობა ფუფუნების საგანს წარმოადგენს. მარიამ ცხვედაძემ შეძლო თანამემამულეებისთვის ცხოვრება ლამაზი წუთებით გაეხალისებინა, რისთვისაც მადლობას ვუხდით მას და შემოქმედებით წინსვლას ვუსურვებთ.
ხათუნა შარაძე
ბარი, იტალია
ავტორის ფოტოები
კომენტარები