ქართველები უცხოეთშიბლიც-ინტერვიუინტერვიუ

„როდესაც ჩემს შვილს შევხვდი 2 წლის შემდეგ, „იმ გოგოს“ მეძახდა და 4 თვე უჭირდა „დედის“ დაძახება“

ესპანეთში, ბარსელონაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ფიქრია რობაქიძე ლანა ბიბილურიძის ბლიც-შეკითხვებს პასუხობს. 

ჩემი, ერთი ემიგრანტის ისტორია…

ავდექი და წამოვედი, ერთი ჩემოდნით, ბევრი იმედითა და ოცნებით. წამოვედი იმ იმედით, რომ რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ უკან, ჩემს სახლში დავბრუნდებოდი, თუმცა დღეს უკვე მეოთხე წელია ემიგრანტი ქალი მქვია. იმედებით და ოცნებებით სავსე ჩემოდანი კი დაცარიელდა, ყველა იმედი უცხო მიწაზე უცხო ცაში აიჭრა და სადღაც ღრუბლებში გაუჩინარდა.

ემიგრანტობის პირველი დღეები…

ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს ჰგავდა, მეგონა, ვერ გავუძლებდი. შიში, იმედგაცრუება, მონატრება… – ყველა გრძნობა გაერთიანდა და თითქოს ჩემ წინააღმდეგ შეკრეს პირი, ყოველდღე ისინი უფრო ძლიერდებოდნენ და მე ვსუსტდებოდი. ძალას მხოლოდ დედის ინსტინქტი მაძლევდა, რომელიც მკარნახობდა, რომ უნდა გამეძლო, არ უნდა დავნებებულიყავი და მე გავიმარჯვე მათზე!

მოსწყდე საკუთარ ქვეყანას, ნიშნავს…

სულის ამოცლას, მის გარეშე სხვა სამყაროში გადასვლას. აქ ჩემი ფიტულია უსულო და გამოფიტული სხეული.

დედას დაშორებული შვილები…

დღემდე მესმის ჩემი წლინახევრის შვილის ტირილის ხმა, რომელიც ჩემმა რძალმა თითქმის ძალით გამომაცალა ხელებიდან და წაიყვანა. მოვდიოდი და მისი ტირილის ხმა არ მტოვებდა, მან იცოდა, რომ დედა მხოლოდ ტელეფონში ცხოვრობდა. როდესაც შევხვდით ერთმანეთს ორი წლის შემდეგ, ის მე „იმ გოგოს”, მეძახდა და 4 თვე უჭირდა „დედის“ დაძახება, რაც ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის.

როცა უცხო ქვეყანაში აპირებ წასვლას…

კარგად უნდა დაფიქრდე და გაიაზრო, რომ ტოვებ ძველ ცხოვრებას და ნულიდან გიწევს დაიწყო ახალი და ძველისაგან განსხვავებული ცხოვრება; უნდა იცოდე, რომ უცხო ქვეყნის სტუმარი ხდები და თავის შვილად არასოდეს მიგიღებს, ის ემიგრანტებისთვის დედინაცვალია და არ აპირებს, დედად გადაიქცეს. უნდა გაიაზრო, ხარ მზად ათასჯერ დაცემისა და ისევ წამოდგომისთვის, ბევრი უძილო ღამისთვის, ზოგჯერ დამცირებისთვისა და გაუსაძლისი მონატრებისთვის?

საქართველო…

ჩემი ტკივილი და მონატრება, ვამაყობ, რომ მისი შვილი ვარ.

განსხვავება უცხო ქვეყანასა და ჩემს სამშობლოს შორის…

არც კი შევადარებ, უცხო ქვეყანა ცივია და უხეში, დიდხანს გიწევს ელოდო, გულში როდის ჩაგიკრავს, მაგრამ მას თავისი შვილები ჰყავს გულში ჩაკრული და შენი ადგილი არ რჩება. ჩემი მოხუცი კი სულ სხვანაირია, სტუმართმოყვარეა და სხვისი შვილებისთვისაც აქვს მას ადგილი, ყველას თავის მოხუც მუხლებზე ჩამოისვამს და ისე იკრავს გულში, – როგორ შემიძლია ის სხვას შევადარო?!

ვეღარ ვუძლებ…

ვუყურო, უცხო მიწაზე, როგორ ღალატობს ქართველი ქართველს, ვეღარ ვუძლებ მონატრებას და სიშორეს ჩემი ოჯახის და მეგობრების, ამდენჯერ დაცემასა და წამოდგომას.

ჩემი აუხდენელი ოცნება…

მეცხოვრა ჩემს ქვეყანაში, ჩემს შვილებთან ერთად, ჩემი შვილები გაზრდილიყვნენ მის მიწაზე ქართული იავნანით.

გული მტკივა, რადგან…

ვხედავ ქართველებს, რომლებიც ყველა ერთი სტატუსის ქვეშ გაერთიანდნენ – „მოსამსახურე“, მათი განათლებისა და პროფესიის მიუხედავად; მიჭირს, ვუყურო ამდენ ატირებულ დედას, შვილებისგან სითბოსა და სიყვარულს მონატრებულები რომ არიან. საკუთარი თავი დაუკარგავთ მათი კეთილდღეობისთვის და მათგან მხოლოდ გულგრილობას იღებენ.

ბედნიერი ვარ, რადგან…

მყავს ორი ძალიან ჭკვიანი და საყვარელი შვილი – რვა წლის ლუკა და ხუთი წლის ლაზარე; მყავს ჩემი სულის ნაწილი, ჩემი ძმისშვილი, ხუთი წლის დემეტრე, რომელიც სულს მითბობს თავისი თბილი სიტყვებით. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ოჯახი, რომელიც არასოდეს მტოვებს და ნებისმიერ ჩემს გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ. ეს უფლის საჩუქარია ჩემთვის.

როდესაც ჩემს თავთან ვრჩები მარტო…

ყველაზე რთულია ეს ჩემთვის და ვცდილობ, ხშირად არ მოხდეს, რადგან წარსულის შეცდომებზე ვფიქრობ და მიჭირს საკუთარი თავისთვის პატიება.

ჩემი ნიჭი, შემოქმედებითი უნარი, რითაც აქ ვახერხებ დაკავებას…

პროფესიით ჟურნალისტი ვარ, ბავშვობიდან მიყვარდა წერა, ვწერდი ნოველებს. ალბათ აქაც ამან გადამარჩინა – როდესაც ყველაზე რთული პერიოდი მაქვს, ბევრს ვწერ, ვწერ ჩემს ტკივილსა და დარდებზე. ვარ ჟურნალ „ფესვების“ მთავარი რედაქტორი, რომელიც ემიგრანტებისთვის არის განკუთვნილი.

მინდა ამ ჟურნალის ირგვლივ გაერთიანდნენ მსოფლიოს ყველა კუთხეში მყოფი ქართველი ემიგრანტები, ქართველ ბავშვებს მივცეთ ელემენტარული ქართული განათლება. ჩემი პროფესიის ირგვლივ მაქვს უამრავი გეგმა და იმედი მაქვს, ყველა ემიგრანტის მხარდაჭერით ამას შევძლებთ. მინდა რაც შეიძლება მეტი სასარგებლო საქმე გავაკეთო ქართველი ემიგრანტებისთვის.

რას დავხატავდი, თუ მთხოვდნენ, ნახატით გადმომეცა ჩვენი ყოფა…

ქალს დავხატავდი, სახესა და ხელებზე ბევრი ნაოჭითა და ზურგში ჩაცემული დანებით. ეს იმის ნიშნად, რომ ემიგრაციამ მტკივნეული და წარუშლელი კვალი დატოვა ჩემს სულსა და სხეულზე.

როდესაც სამშობლოში დავბრუნდები…

ხშირად ვფიქრობ, ყოველ ღამე იმაზე ფიქრით მეძინება, რომ აეროპორტიდან გამოვდივარ და ვხედავ ჩემს ოჯახს, რომელიც აეროპორტიდან გამოსასვლელ კართან მელოდება. იქიდან ჩემს სოფელში წავალ, რომელიც ძალიან მენატრება. სახლის ყველა კუთხეს მოვეფერები, ღრმად, ძალიან ღრმად ვისუნთქებ, ჩემი სახლის და ეზოს სუნს შევიგრძნობ, რომელიც ასე მენატრება და არცერთი წამით, იქამდე, სანამ ამის საშუალება მომეცემა, ჩემს ძმას არ მოვშორდები, რომელიც ტკივილამდე მენატრება.

ჩემი გზავნილი ემიგრანტებს

ორი არჩევანი გაქვთ: დანებდეთ იმას, რასაც ცხოვრება გთავაზობთ და ემსახუროთ სხვას იმდენი წელი, რამდენსაც ემიგრაციაში გაატარებთ, ან იბრძოლოთ საკუთარი თავის დასამკვიდრებლად უცხო მიწაზე, ისწავლოთ ბრძოლა ბედის წინააღმდეგ. ნუ დაკარგავთ თქვენს განათლებასა და პროფესიას, ისწავლეთ დაცემისას წამოდგომა, არ დანებდეთ და ყველაფერი გამოგივათ! იცოდეთ საკუთარი თავის ფასი და შეიყვარეთ საკუთარი თავი, ნუ იქცევით საქართველოში დარჩენილი ოჯახებისთვის ბანკომატად!

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close