მოგზაურობა

ჟენევაში ჩასულ ტურისტებს 100 აშშ დოლარის ღირებულების ვაუჩერს ჩუქნიან – რას სთავაზობს იტალია ტურისტებს

შვეიცარიის ქალაქ ჟენევის ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებით, იქ ჩასულ თითოეულ ვიზიტორს, რომელიც სასტუმროში ნომერს ორი დღით მაინც დაჯავშნის, 100 აშშ დოლარამდე ღირებულების სასაჩუქრე ბარათი გადაეცემა. აღნიშნული ინიციატივა ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის გამო კრიზისში მყოფი ტურისტული ბიზნესის დასახმარებლად შეიმუშავა.

ტურისტებს სასაჩუქრე ბარათის მოთხოვნა სასტუმროში რეგისტრაციის გავლის შემდეგ, გამოყენება კი მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ. ის ჟენევის 60-ზე მეტ სასტუმროში, 80 რესტორანსა და 15 საექსკურსიო ტურის ფარგლებში იმოქმედებს. აღსანიშნავია, რომ ვაუჩერით სარგებლობა მხოლოდ იმ საკვებ დაწესებულებებშია შესაძლებელი, რომელთა უსაფრთხოებაც ოფიციალურად არის დადასტურებული. ექსკურსიები კი, რომლის საფასურსაც მისი საშუალებით დაფარავთ, შორეული აღმოსავლეთის ხელოვნების მუზეუმში, ჟენევის ტბის სანაპიროზე განლაგებულ გრანდიოზულ ღია საცურაო აუზსა და შოკოლადის მწარმოებელ ცნობილ ქარხნებში ვიზიტებსაც მოიცავს.

მიმდინარე წლის ივნისში შვეიცარიის მთავრობამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის COVID-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქა, იმ ქვეყნებიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა კი, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფში განიხილებიან, 10-დღიანი სავალდებულო კარანტინი უნდა გაიარონ. სასაჩუქრე ბარათის მიღების შესაძლებლობა მხოლოდ მათ ექნებათ, ვისაც კორონავირუსის დიაგნოზი არ დაუდასტურდება.

ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, მსგავსი ღონისძიებები სხვა ქვეყნებშიც ხორციელდება. მაგალითად, იტალიაში მდებარე კუნძულ სიცილიაზე ჩასვლის მსურველებს თვითმფრინავით მგზავრობის საფასურის ნახევარსა და სასტუმროს ღირებულების მესამედს ადგილობრივი ხელისუფლება უფარავს. მექსიკაში ჩასულ ვიზიტორებს კი სასტუმროში გატარებული ორი ღამის შემდეგ კიდევ ორი ღამით უფასოდ დარჩენა შეუძლიათ.

popx.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close