პოლიტიკასაქართველო

ოკუპირებული აფხაზეთის არაღიარებული ეკლესია ინაშვილის მიერ ჩატანილ ხატს უკან დააბრუნებს

ოკუპირებული აფხაზეთის არაღიარებული მართლმადიდებელი ეკლესია განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ისინი უარს ამბობენ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის მიერ ილორის ტაძრისთვის გადაცემული ხატის მიღებაზე და აპირებენ ხატი უკან დააბრუნონ.

„აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ იღებს საქართველოს დეპუტატების მიერ და აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩევლის მონაწილეობით ილორის ტაძრისთვის საქართველოს ეკლესიის მიერ ნაჩუქარ ხატს და მას უკან ვაბრუნებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, მისია აფხაზეთის არაღიარებულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეუთანხმებლად განხორციელდა, „მსგავსი აქციები მიუღებელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აფახაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და აფხაზეთის სახელმწიფოს აღიარებამდე”, – ნათქვამია განცხადებაში.

ირმა ინაშვილის მიერ ილორის ტაძრისთვის ხატის გადაცემას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში წინააღმდეგობა და ვნებათაღელბა მოჰყვა.

სტუმრობამ აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში შეიწირა მათი მასპინძლის, დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლის, ლაშა საკანიას, თანამდებობა.

26 აგვსიტოს თანამდებობის დატოვებამდე დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მრჩეველმა განაცხადა, რომ ქართველი პოლიტიკოსების სტუმრობა იყო ჰუმანიტარული აქცია ილორის ეკლესიისათვის ხატის გადაცემით, რომელსაც საფუძვლად დაედო თხოვნა მოსკოვიდან.

ამგვარი განმარტების მიუხედავად ლაშა საკანია ლამის სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის წევრებმა.

გალის რაიონის სეპარატისტული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა თემურ ნადარიამ დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა 2016 წელს მიღებული სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონის დარღვევაში დაადანაშაულა.

21 აგვისტოს აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაამ“ განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა საიდუმლო შეხვედრა გამართეს „პრეზიდენტის“ თანაშემწე ლაშა საკანიასთან. „არუაამ“ საკანიასა და შესაბამისი სტრუქტურებისგან მოითხოვა ახნა-განმარტება და დე ფაქტო პარლამენტს საკომიტეტო მოსმენისკენაც მოუწოდა.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი, პარტია „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე ლაშა საკანია აცხადებდა, რომ არანაირი საიდუმლო მოლაპარაკება არ ჰქონია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებთან და აფხაზეთში მათი ჩასვლა იყო მხოლოდ ჰუმანიტარული აქცია.

24 აგვისტოს პრესკონფერენციაზე ირმა ინაშვილმა დაადასტურა, რომ აფხაზეთში იმყოფებოდა საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომიასთან ერთად. დიახ, ნამდვილად ვიყავით. ჩვენ ღვთისმშობლის ხატი დავაბრძანეთ ილორის ტაძარში, – განაცხადა ინაშვილმა.

მოგვიანებით მან თავის ფეიბუქის გვერდზე ილორის ტაძარში გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების ვიზიტზე აფხაზეთში ინფორმაცია თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ გაავრცელა 20 აგვისტოს.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close