იტალიასაზოგადოება

კორონავირუსი იტალიაში: ერთ დღეში ინფიცირების 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 ადამიანი გარდაიცვალა

რიჩარდი: „მკაცრი კარანტინი და ეკონომიკის გაჩერება აღარ იგეგმება“; დე ლუკა: „რეგიონებს შორის გადაადგილება შესაძლოა შეიზღუდოს“

გუშინ საღამოს (21 აგვისტო) იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასულ ერთ დღეში ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 14 მაისის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. ინფორმაციას „ანსა“ ავრცელებს.

ამ დროისთვის მთლიანობაში იტალიაში რეგისტრირებულია კორონავირუს SARS-CoV-2-ით ინფიცირების 257 065 შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ გასულ ერთ დღეში 71 ათასი ტესტი ჩატარდა, 6 ათასით ნაკლები, ვიდრე წინა დღეს, თუმცა გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა თითქმის 50%-ით მეტია.

21 აგვისტოს, 24 საათში კოვიდ-19-ით გარდაიცვალა 9 პაციენტი (20 აგვისტოს ეს მაჩვენებელი 3-ით ნაკლები იყო – 6), სულ კი კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ 35 427-ს მიაღწია.

გამოჯანმრთელდა 204 960 პაციენტი. ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსით ინფიცირება 16 678 ადამიანს უფიქსირდება, რაც 664-ით მეტია, ვიდრე წინა დღეს. აქტიურ პაციენტთა მაჩვენებელი, რომელიც განუხრელად მცირდებოდა აპრილის დასაწყისიდან ივლისის ბოლომდე, უკვე მე-19 დღეა, იზრდება. ამ პერიოდში აქტიურ პაციენტთა რაოდენობა 4000-ზე მეტით გაიზარდა ანუ 35%-ით. ამასთან, თითქმის არ იზრდება გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი (რომელიც ერთნიშნა რიცხვით გაისაზღვრება). ექიმები ამ ფაქტს ინფიცირებულთა საშუალო ასაკის ცვლილებას უკავშირებენ – ახალი ინფიცირებულები, ძირითადად, ახალგაზრდა ან საშუალო ასაკის ადამიანები არიან.

ჯანდაცვის სამინისტროს მრჩევლის, ვალტერ რიჩარდის განცხადების თანახმად, რომელიც მან მედიასთან 21 აგვისტოს გააკეთა, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა „სავსებით მოსალოდნელი“ იყო და ეს საზაფხულო შვებულებებს და მოგზაურობებს უკავშირდება.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, მთავრობას ეკონომიკის გაჩერების და ახალი საერთოეროვნული მკაცრი კარანტინის შემოღების არანაირი გეგმა არ აქვს.

ფონდ Gimbe-ს კვლევის თანახმად, ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა აგვისტოში იტალიაში 140%-ით გაიზარდა. ამ დასკვნას ფონდი აქვეყნებს ინფიცირების მაჩვენებლების შედარების საფუძველზე: 12-18 აგვისტოს პერიოდში გამოვლენილია 3399 ახალი შემთხვევა, ხოლო 15-იდან 21 ივლისამდე – 1408 ახალი შემთხვევა.

ფონდის პრეზიდენტი ნინო კარტაბელოტა აცხადებს, რომ ინფიცირების მაჩვენებელი პროგრესირებადია და იმის მიუხედავად, ეს შემთხვევები იმპორტირებულია, იტალიელების მიერ არის საზღვარგარეთიდან შემოტანილი თუ შიდა გავრცელების შედეგია, ინფიცირების მრუდის ზრდა მაინც შემაშფოთებელია, რადგან ეს თანდათანობით აისახება ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების ზრდაზე, მით უმეტეს, რომ ბოლო 2 დღეში, რომელიც მათ ანალიზში არ არის შესული, ინფიცირების თითქმის 1500 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მისივე თქმით, მართალია, ერთი მხრივ, საჭირო არ არის პანიკა, თუმცა, მეორე მხრივ,  საფრთხის უგულებელყოფა და სათანადოდ არშეფასება დაუშვებელია.

ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად იტალიის საჯარო სკოლებში სწავლა, როგორც გადაწყვეტილი იყო, 14 სექტემბრიდან განახლდება. ამის შესახებ 21 აგვისტოს განათლების მინისტრმა ლუჩია აძოლინამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, „მოსწავლეებისთვის უკიდურესად აუცილებელია, სკოლებში დაბრუნდნენ და მათთვის ამ შესაძლებლობის წართმევა ნიშნავს, შუა გზაზე მივატოვოთ“.

როგორც ცნობილია, სასწავლო წლის განახლების აუცილებელი პირობაა სხვადასხვა სახის პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება: ერთადგილიან მერხებზე მოსწავლეების განთავსებიდან დაწყებული, ყველა ოთახის და სივრცის რეგულარული დეზინფექციით დამთავრებულია. აგრეთვე, მოსალოდნელია, რომ 6 წელზე მეტი ასაკის მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება გარდა იმ  შემთხვევისა, როდესაც მოსწავლე მასწავლებელს პასუხობს.

ინფიცირების შემთხვევების ზრდა რეგიონული ხელისუფლებების შეშფოთებას იწვევს და არსებობს შესაძლებლობა, რომ იტალიის რეგიონებს შორის თავისუფალი გადაადგილება ისევ შეიზღუდოს.

მაგალითად, მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს სიცილიის ადგილობრივი მთავრობა გადაწყვეტს, მიმართოს თუ არა ცენტრალურ ხელისუფლებას ინიციატივით, ისევ შეიზღუდოს იტალიის რეგიონებს შორის თავისუფალი გადაადგილება კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო. ამის შესახებ 21 აგვისტოს სიცილიის გუბერნატორმა ნელო მუზუმეჩიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნება იმ მომენტისთვის აქტუალური მონაცემები, ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების საკითხები და ეკონომიკური ინტერესები.

ამავეს აცხადებს კამპანიის რეგიონის პრეზიდენტი დე ლუკა, რომლის თქმითაც, 15 დღეში შეაფასებს რეგიონებს შორის მობილობის შეზღუდვის გადაწყვეტილებას: „აგვისტოს ბოლოს დავინახავთ, საჭიროა თუ არა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას მივმართოთ რეგიონებს შორის მობილობის შეზღუდვის განახლების მოთხოვნით“, – დაწერა ვინჩენცო დე ლუკამ თავის Facebook-ის გვერდზე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close