„გაუფრთხილდით მშობლებს, რომლებიც თქვენ გამო ცხოვრებას სწირავენ, თქვენთვის კი ისინი „ბანკომატად იქცნენ“ – ემიგრანტის წერილი საბერძნეთიდან
მარიშკა ცხვედაძე 19 წლის ქართველი ემიგრანტია, რომელიც უკვე 6 თვეა, საბერძნეთში ცხოვრობს. მარიშკას დედაცა და ბებიაც ემიგრანტები არიან, ამიტომ მისთვის უცხო არასდროს ყოფილა ემიგრანტის ცხოვრება და ემოციები, თუმცა, როგორც თავად ამბობს, თუ არ გამოცადე, ვერასდროს გაიგებ, რას ნიშნავს იყო ემიგრანტის შვილი და ემიგრანტი დედა.
„ძალიან დიდი ხანია, ვფიქრობ, დავწერო თუ არა, დღეს რატომღაც გადავწყვიტე ხმამაღლა ვისაუბრო ამ მეტად მნიშვნელოვან პრობლემაზე. 16 წლის ვიყავი, როდესაც დედა ემიგრაციაში წავიდა, ჩემს პატარა დასთან ერთად. აქვე მინდა ვთქვა ,რომ ბებია 13 წელია უკვე ემიგრაციაში იმყოფება.
როდესაც დედა წავიდა ოჯახის მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დაგვტოვა მე და ჩემი ოთხი დედმამიშვილი მამასთან, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ჩემთვის და ჩემი უმცროსი დებისთვის ორჯერ უფრო მძიმე, რადგან ჩვენ უნდა ვყოფილიყავით ოჯახის „დიასახლისები“, რა თქმა უნდა, ასეც იყო ყველაფერს ჩვენ ვაკეთებდით სახლში – ვუვლიდით ჩვენს პატარა ძმებს, მამას და პაპას. მინდა გითხრათ ეს ორმაგად მძიმე იყო მონატრებასთან ერთად, არ ვიცი ალბათ ემიგრანტი დედის შვილი უნდა იყო, რომ ეს გაიგო… არც მე არ მესმოდა მანამდე, სანამ მწარე რეალობის წინ არ აღმოვჩნდი, მშობელი გტოვებს და მიდის ემიგრაციაში იმის გამო, რომ კარგი თუ არა, ნორმალური მომავალი შეგიქმნას, თუმცა ისიც მინდა გითხრათ, ძალიან დიდი სტრესია, როგორც შვილისთვის ასევე მშობლისთვის.
როდესაც სკოლა დავამთავრე, ვფიქრობდი, გამეგრძელებინა სწავლა, არ მინდოდა უმაღლესში სწავლა და ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ის იყო, რომ მე პროფესიული ხელობის შესწავლა მსურდა, თუმცა იმის გამო, რომ ჩემი დები სკოლაში სწავლობდნენ, ჩემს უმცროს ძმებს ყურადღება სჭირდებოდათ, მოგეხსენებათ დღევანდელ ყოფაში კიდევ უფრო მეტად დიდი ყურადღება სჭირდება მოზარდს, მეც ვცდილობდი დედობა გამეწია მათთვის, მართალია დედას ვერავინ ვერ შეცვლის, თუმცა ვცდილობდი, ზუსტად ზემოთ ხსენებულის გამო ვერ დავტოვე ოჯახი და ვერ წავედი სასწავლებლად, რა თქმა უნდა, ერთი წუთითაც კი არ ვნანობ. ცოტა ხანში დავიწყე მუშაობა სუპერმარკეტში „კონსულტანტად“ (უკვე 18 წლის ასაკში) რადგან მინდოდა ხარჯი შემემცირებინა ოჯახისთვის და ფინანსურად დამოუკიდებელი გავმხდარიყავი. სიმართლე გითხრათ, ძალიან დამღლელი აღმოჩნდა მუშაობა ძალიან. მერე გადავწყვიტე მეც წავსულიყავი დედასთან, მინდოდა ოჯახს დავხმარებოდი და ჩემი საოცნებო პროფესიაც შემესწავლა, თანაც სამომავლო გეგმები ამას დავუკავშირე, დღეს უკვე 19 წლის ვარ და 6 თვეა მეც ემიგრანტი მქვია, მეც მომიწია მოწყვეტა ჩემი ოჯახისგან და ჩემი ქვეყნისგან შორს დამეწყო ახალი ცხოვრება.
იქიდან გამომდინარე, რომ ბებია დიდი ხანია ემიგრაციაშია, ძალიან დიდი სამეგობრო ყავს, ყველა ერთი დიდი მოსიყვარულე ოჯახის წევრია, ეს ადამიანები ერთმანეთს დახმარების ხელს უწვდიან, ყოველთვის ერთმანეთის საყრდენი არიან, რაც ძალიან მახარებს, ეს ერთგვარი დახმარებაა ემიგრაციის ტვირთის შემსუბუქებისა. ამ ადამიანების ყურებისას გამიჩნდა სურვილი და თავი ვალდებულადაც კი ვიგრძენი, მივმართო ყველა ემიგრანტი დედის შვილს.
თქვენ არ იცით რამხელა ნერვიულობის და რამხელა ტანჯვის ფასად უჯდებათ თქვენი კეთილდღეობა თქვენს დედებს, მე დღეს ვხედავ ატირებულ, იმედგაცრუებულ, შვილებისგან გულგატეხილ მშობლებს. მინდა გთხოვოთ გაუფრთხილდით მშობლებს, რომლებიც თქვენს გამო საკუთარ ცხოვრებას მსხვერპლად სწირავენ, თქვენთვის კი ისინი „ბანკომატად იქცნენ“, თქვენს ჩახუტებას მონატრებულები თქვენგან აგრესიას და გულგრილობას იღებენ. მე ამ ყველაფრის მოწმე ვარ და გული მტკივა, რადგან აქამდე ვიცოდი, როგორია იყო ემიგრანტი დედის შვილობა და ახლა ვხედავ მეორე მხარეს, როგორია იყო ემიგრანტი დედა, რომელიც უბრალო ბანკომატად იქცა და შვილს მისი მდგომარეობა მხოლოდ ხელფასის დღეს ახსენდება. ეს ადამიანები უარს ამბობენ წამალზე, ტანსაცმელზე, მეგობრებთან ერთად ფინჯანი ყავის დალევაზე. თქვენივე ფუფუნების გამო. მიმიფურთხებია თქვენი ავტომობილებისთვის, ბოლო მოდელის ტელეფონებისთვის, იმ ტელეფონისთვის, დედამ რომ კრედიტის დასაფარად მინიმუმ რამდენიმე თვე ვიღაცის სახლი უნდა ალაგოს, ან უარეს შემთხვევაში მოხუცს პამპერსი უცვალოს, თქვენ კი მაგ ტელეფონით მხოლოდ თვეში ერთხელ ერთი წუთით ურეკავთ, რომ ვალდებულებები შეახსენოთ. თანაც გყოფნით თავხედობა და მათ წინაშე ხმასაც კი უწევთ. მიმიფურთხებია თქვენნაირი შვილებისთვის.
როდესაც ვუყურებ მათ და მათ თვალებში დაღლას კი არა გადაღლას, ტანჯვასა და იმედგაცრუებას. გული მტკივა და სული მეყინება, მინდა გითხრათ. თქვენ ამას ტელეფონის კამერით ვერ დაინახავთ, რადგან ისინი ამას არ ან ვერ დაგანახებენ.
მინდა გთხოვოთ, ყოველდღე შეახსენეთ მშობლებს, როგორ გიყვართ და როგორ გენატრებათ, უთხარით რომ აფასებთ მათ შრომას, ისინი სხვას არაფერს ითხოვენ თქვენგან. მხოლოდ მცირეოდენი სითბო და მზრუნველობა სჭირდება შრომით გადაღლილ დედას.
ამ ყველაფრის დაწერა მაიძულა იმან, რომ ვხედავ დედების იმედგაცრუებულ სახეებს. კვირები რომ ელოდებიან შვილის ზარს თუმცა თქვენ ჯერ კიდევ ვერ მოიცალეთ მათთვის დაგერეკათ. მინდა გითხრათ ყველა ვინც ამას არ აფასებთ, არაადამიანები ხართ. ემიგრანტის შრომა და ტანჯვა შეუფასებელია. საკუთარი პროფესია დატოვეს მის ქვეყანაში და აქ უცხო მიწაზე თითქმის ყველას ერთი სოციალური სტატუსით უწევთ ცხოვრება. ყველას ერთი წოდება აქვს „მოსამსახურე“.
qartuliazri.reportiori.ge
კომენტარები