ავსტრალიური ვაქცინის, Covax 19-ის ადამიანებზე ტესტირების შედეგები დადებითია. პირველი ფაზის კვლევამ დაადასტურა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და ორგანიზმის იმუნურ პასუხს იწვევს კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ.
ადელაიდის (ავსტრალია) ფლინდერის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ შექმნილი ვაქცინის კვლევებმა ადამიანებზე იმედისმომცემი შედეგები აჩვენა – გამოცდის პირველ ფაზაში ის 40 ჯანმრთელ მოხალისეს გაუკეთეს და მათგან არცერთს დაუჩივლია რაიმე გვერდითი ეფექტის ან მაღალი ტემპერატურის გამო.
ვაქცინის პირველი ფაზის კვლევებით დადასტურდა, რომ ის ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსულ ინფექციაზე იმუნურ პასუხს იწვევს.
ყაზახეთის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის საერთაშორისო ცენტრში (ალმათი, ყაზახეთი) პირველი აცრა გააკეთეს ავსტრალიური ვაქცინით – COVAX-19-ით. როგორც ახალი ამბების პორტალი 24.kz იტყობინება, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ცენტრის დირექტორი კაისარ ტაბინოვი აიცრა.
აღსანიშნავია, რომ ყაზახეთი საკუთარ ვაქცინაზეც მუშაობს – მისი შექმნით ბიოლოგიური უსაფრთხოების პრობლემების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტია დაკავებული, რომელიც ჟამბილის ოლქში, დასახლება ოთარში მდებარეობს.
რამდენიმე დღის წინ კი იტალიური მედია იტყობინებოდა, რომ რომის სპალანცანის სახელობის ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტში კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყეს (მანამდე მან მღრღნელებზე ლაბორატორული ცდებისას კარგი შედეგები აჩვენა). ვაქცინას 45 მოხალისეზე ცდიან, რომელთა ასაკი 55 წლამდეა. წარმატების შეთხვევაში კვლევას 65-75 ასაკობრივ ჯგუფშიც დაიწყებენ.
კომენტარები