სიკვდილი საბითუმო არ უნდა გახდეს. გაჩვეულებრივებული სიკვდილი ყველაზე საშიშია – გიორგი კეკელიძე
მოკლეს, დაიხრჩო, თავი მოიკლა, დაიკარგა… ასეთი ტრაგიკული შემთხვევები იმდენად გახშირდა, რომ როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე Facebook-ში წერს, შესაძლოა ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის უკვე ჩვეულ ამბად იქცეს, რაც ძალიან საშიშია.
„მთელი დღეა ჯავახეთის მთიანეთში ჩვეულად დავხეტიალობ – წიგნებით და მომარაგებული სიტყვებით – რომ განათლება გადაგვარჩენს, რომ ცოდნა გვიხსნის. ვლაპარაკობ და ვხვდები – მაინც გულსგარეთაა ეს ლაპარაკი, მაინც იმისთვის ვაგრძელებ სათქმელს, რომ ამ ახალგაზრდა გოგოს სიკვდილის ცნობას ვისხლეტ და ვიშორებ. ადამიანი ვარ, მზაფრავს და მაშინებს ასეთი ამბები. მაშინებს და თითქოს მეც მკლავს. ერთი, ორი, სამი, ათი. ახალგაზრდა. ახალგაზრდა. ახალგაზრდა. მკვლელობა. მკვლელობა. მკვლელობა. იქ გაჩერებული სიცოცხლე, სადაც წესით იწყებოდა. იქ ჩამოშვებული ფარდა და ფარდის აქეთ, ჩვენ – „ველოდებით ექსპერტიზის შედეგებს”. ფარდის იქით კი არავინ არაფერს ელოდება. დუმილია და გაჩერებული სიცოცხლე, იქ, სადაც, წესით იწყებოდა. მერე, თუ კიდევ დაემატა და დაემატა, ერთ დღესაც მართლა ავისხლეტთ ასეთ ამბებს. ვეღარ გავუმკლავდებით. საშიშია ეს. ძალიან. სიკვდილი საბითუმო არ უნდა გახდეს. გაჩვეულებრივებული სიკვდილი ყველაზე საშიშია. მით უფრო მისი, ვისი სიცოცხლეც, ვიტყვი მესამედ, ხვალ იწყებოდა”, – წერს კეკელიძე.
საქართველოში კიდევ ერთ დაკარგულ არასრულწლოვანს – 15 წლის ნინო ჯარიაშვილს ეძებდნენ, რომელიც სახლიდან 19 ივლისს დილის საათებში გავიდა და 5 დღე არ ჩანდა დღეს დილით კი ცნობილი გახდა, რომ დაკარგული 15 წლის გოგონა თბილისში იპოვეს და ჯანმრთელი და უვნებელი სახლში დააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.
მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მოზარდს სახლში დაბრუნება არ უნდოდა და იგი საკუთარი ნებით ბავშვთა სახლში წაიყვანეს.
„სახლში არ დაბრუნებულა, თავისივე ნებით ბავშვთა სახლში წაიყვანეს. არანაირი კონფლიქტი არ ჰქონდა. არანაირი მოტივი არ ჰქონია, თავისი სურვილი იყო, იმიტომ რომ არ ჰქონდა თავისუფლება და არ შეეძლო ის ეკეთებინა, რაც 15 წლის ბავშვისთვის არ შეიძლებოდა. ოჯახში უშლიდნენ, 15 წლის ბავშვს არავინ გაალეთებინებს იმას, რაც არ არის საჭირო. ბავშვია და ასეთი გადაწყვეტილებით ვერ ხვდება რას აკეთებს. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ღამის სამ საათზე იპოვა პოლიციამ. ბავშვია და არ იცის რას აკეთებს“, – უთხრა „პლიტრანიუსს“ მოზარდის დამ.
კომენტარები