საზოგადოებასაქართველო

„რატომ არ გვაცდით ჩვენი ანგელოზი შვილის დატირებას?!“ – გიორგი შაქარაშვილის დედის განცხადება

„ტყუილად ნუ იღლით თავს უთავბოლო წერა-კითხვებით“, - პასუხობს მოკლული ფეხბურთელის დედას ნიკა გვარამია

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დედა თამუნა შალვაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. როგორც თამუნა შალვაშვილი წერს, მათი ოჯახის მიმართ საზოგადოების გარკვეული ნაწილის აგრესიამ აიძულა ხალხისთვის მიემართა:

„ყველამ იცით, რომ ჩვენი ოჯახი დღემდე მაქსიმალურად იკავებს თავს, როგორც მასმედიის საშუალებებთან ურთიერთობაზე, ასევე რაიმე სახის პოზიციების დაფიქსირებაზე სოციალური ქსელებით, მაგრამ საზოგადოების გარკვეული ნაწილის აგრესიამ ჩვენი ოჯახის მიმართ უკვე ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ შვილის დამკარგავი მშობელი იძულებული ვხდები დავწერო ის, რასაც განვიცდი.

მივმართავ იმ ხალხს, ვინც დაუნდობლად გვლანძღავს და გვაძაგებს მხოლოდ იმის გამო, რომ არ ვიქცევით ისე, როგორც მათ სურთ. რას გვთხოვთ, რას გვაიძულებთ, რომ საკუთარი შვილის მკვლელობის საქმე გამოვაძიებინოთ იმ ხალხს, რომლებიც მიმტკიცებენ, რომ ჯერ კიდევ გიორგის აღმოჩენამდე, კინოლოგებისთვის ჩემივე ხელით მიტანილი ბავშვის ბოტასები მირიანმა (გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე – რედ.) „ჩუმად წამოიღო“ გამოძიებიდან და დამნაშავეების კვალი დაფარა? ამის მთქმელს შეიძლება რომ ნორმალურმა ადამიანმა ხელში ჩაუგდო საკუთარი შვილის მკვლელობის საქმე?! ვისთან მთხოვთ თანამშრომლობას, ხალხთან რომლებიც ყოველდღურად პირდაპირ ეთერში ულოცავენ დამნაშავეებს, რომ გამართლდებიან და დანაშაული არ დაუდასტურდებათ?! რომელ „საზოგადოებრივ გამომძიებლებს“ მირჩევთ თავისი უგუნური ვერსიები რომ გაემართლებინათ ჩვენი ოჯახი, რომ ლამის სოციალურად დაუცველად გამოაცხადეს და ისიც არ უკითხავთ ბავშვი როგორ სრულფასოვან გარემოში გაიზარდა?! ვის მივანდო ჩემი შვილის საქმე, ვინც მიმტკიცებს, რომ მოკლული შვილის ცხედარს თურმე ოთხი დღე მანქანაში მალავდნენ თუ იმ ხალხს დამნაშავეების სასარგებლოდ რომ მთელ ქვეყანას არწმუნებენ, თურმე მკვლელების მანქანა 6 წუთზე მეტ ხანს არ ყოფილა იმ ადგილას, რის გამოც მკვლელობა გამორიცხულია? რომელი ერთი ჩამოვთვალო უკვე აღარც კი ვიცი… და რატომ უნდა ვენდო ასეთ ადამიანებს, შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნათ? მაგრამ რა უნდა ამიხსნათ თქვენ ?ვითომ მირიან ნიკოლაძეზე დიდი გულშემატკივრები რომ ხართ ჩვენი ოჯახის, ვის ედრებით. ადამიანს, რომელიც ჩემი მეუღლის ოჯახშია გაზრდილი და რომლის ხელშიც გიორგი გაიზარდა?! რომელთან ურთიერთობაც გიორგისთვის ყველაზე საამაყო და სათუთი იყო, იმ კაცს ედრებით?! რა სიბინძურე არ დააბრალეთ, რა ცილისწამება აღარ შეთხზეთ, რა აღარ აკადრეთ, მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენი ბინძური პოლიტიკური ინტერესების საჯიჯგნი არ გამიხადა მოკლული შვილი. რატომ ვერ ინელებთ, რომ ამ ერთმა კაცმა მოუღო ბოლო თქვენს არადამიანურ ინტერესებს?! რას გვერჩით, რას გვემართლებით, რატომ არ გვაცდით ჩვენი ანგელოზი შვილის დატირებას! რატომ უნდა ვხდებოდე იძულებული, რომ საზოგადოებას ვთხოვო თქვენგან თავის დაცვა?! იმ ასიათასობით ადამიანს, ვინც ჩვენი ტრაგედია გულთან მიიტანა და დღემდე გვამხნევებს, გვერდში გვიდგას და ჩვენსავით განიცდის, მინდა ვუთხრა, რომ თქვენ გვაძლებინებთ, თქვენი სიკეთე და მხარდაჭერა გვაძლებინებს, ყველას მადლობას გიხდით. თუ ჩვენ ვერ შევძელით, ღმერთი გადაგიხდით სიკეთით, ის ღმერთი, რომელთანაც ჩემი ანგელოზი შვილის სული მივიდა“, – წერს თამუნა შალვაშვილი.

„მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის დედის მიმართვას უპასუხა:

„ნურავინ შეიწუხებთ თავს ჩემი და მთავარი არხის დამუნათებით და მორალური უპირატესობის გამოყენებით ჩვენი პრესინგისთვის. ჩვენ არავის აზრი არ გვაინტერესებს, სრულიად – არავის. არავისზე არ ვმუშაობთ და არავის პერსონალურად არ ვემსახურებით. ჩვენთვის სულ ერთია, ვინ ვის ენდობა, ვის ვისი სურათი უკიდია ოთახში და ვინ ვის ირჩევს საკუთარი პოზიციის გამხმოვანებლად. ჩვენ არავისთვის არ გვითხოვია დახმარება და არავის თანადგომას არ ვსაჭიროებთ ჩვენი ჟურნალისტური გამოძების ფარგლებში.

ჩვენ ვეძებთ სიმართლეს და მას აუცილებლად დავადგენთ. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი შვილებისთვის და არა გიორგი შაქარაშვილისთვის, რომელსაც, სამწუხაროდ, ვეღარაფერს ვუშველით. ჩვენ ვადგენთ პირველ რიგში შაქარაშვილის მკვლელის ხელის დამფარებელს და ვინც არ უნდა ენდობოდეს გამოძიებას, ეს მხოლოდ მისი პრობლემაა და არა ჩვენი – ჩვენ გამოძებას არ ვენდობით.

ჩვენ არ ვსპეკულირებთ შაქარაშვილის სახელით და ყველას მოვუწოდებთ, ასევე მოიქცეს, გინდა პროცესის უბრალო დამკვირევებელი იყოს და გინდა ჭირისუფალი. არავის ვუშლით ხელს არც გულშემატკივრობაში და არც გლოვაში. თუ არა და, პულტი ხელში და სხვა არხის ღილაკზე ერთი თითის დაჭერა.

სიმართლე – სინათლეა. მალე განათდება. ძალიან მალე. ტყუილად ნუ იღლით თავს უთავბოლო „წერა-კითხვებით“, – წერს გვარამია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close