საზოგადოებასაქართველო

ყარაჯალაში COVID-19-ის არსებობის არ სჯერათ – ინფიცირებული 10 თვის ბავშვის ოჯახი სასამართლოში ჩივილს აპირებს

ყარაჯალა კიდევ ერთი სოფელია საქართველოში, სადაც კორონავირუსის არსებობის არ სჯერათ. მიუხედავად იმისა, რომ ე. წ. ოქროს სტანდარტით, PCR ტესტით ორჯერ დადასტურდა 10 თვის ბავშვის COVID-19-ით ინფიცირება, ადგილობრივები ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ. მათი არგუმენტია ის, რომ სოფელში COVID-19-ის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ არის გამოვლენილი, არც ჩვილის ოჯახის წვერები არიან ინფიცირებულები.

ადგილზე მისულ „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს უთხრეს, რომ ბავშვის სიმპტომები კბილის ამოსვლას უკავშირდება. ჩვილის ბებია და პაპა კი ამტკიცებენ, რომ ტემპერატურა, დიარეა და ცხელება ბავშვის მოწამვლამ გამოიწვია. ისინი ექიმების წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას აპირებენ.

სოფელ ყარაჯალაში კი პარალელურად ეპიდემიოლოგები ინფიცირებულის წყაროს და კავშირებს ეძებენ. მედიკოსებმა წყაროს ამ დრომდე ვერ მიაგნეს, 17 კავშირი კი უკვე მოძიებულია.

10 თვის ბავშვი თელავის სამედიცინო ცენტრიდან დედასთან ერთად თბილისში, ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატარას ვირუსი ნაწლავური ინფექციით და ტემპერატურით დაეწყო, ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტის მონაცემები PCR ტესტით ორჯერ გადამოწმდა.

16 ივლისს დადასტურებული შემთხვევებიდან კიდევ ერთ შემთხვევაში იყო უცნობი ინფიცირების წყარო. პაციენტი, 72 წლის მამაკაცი, მცხეთის სამედიცინო ცენტრში ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობს.  მიმდინარეობს მისი კონტაქტების კვლევა.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დადასტურებული ერთეული შემთხვევები, რომელთა ინფიცირების წყაროც უცნობია, მოწმობს, რომ ქვეყანაში ვირუსი ისევ ცირკულირებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსი უფრო გააქტიურდა. მიუხედავად ამისა, ასეთი ფაქტები საყურადღებოა.

საქართველოში ბოლო პერიოდში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ერთნიშნაა და შემთხვევების უმრავლესობა იმპორტირებულია. კორონავირუსით ინფიცირება სატვირთო ავტომობილის 70-მდე მძღოლს დაუდასტურდა, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან.

საქართველოში ბოლოს 24 საათში კოვიდ-19-ის ოთხიე ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირების საერთო მაჩვენებელმა 1010-ს მიაღწია. ოთხივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია.

როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, ახალ ინფიცირებულთაგან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, დანარჩენი  3 პაციენტი კი საკარანტინო ზონიდანაა.

ამასთან, ეზუგბაიას თქმით, კოვიდცენტრებში ამ დროისთვის 148 პაციენტი მკურნალობს, მათგან 41-ის შემთხვევაში ვირუსი იმპორტირებულია.

„148 პაციენტიდან, რომლებიც კოვიდცენტრებში მკურნალობენ, ჯამურად 38 გახლავთ გორის ჰოსპიტალში მოთავსებული, ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ როტაციით მყოფი ინფიციფირებული სამხედრო პირები. ჯამში, შემოტანილი დადასტურებული შემთხვევა 41-ს შეადგენს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გასულ 24 საათში 2-ით გაიზარდა და 885-ს მიაღწია. გარდაცვლილია 15 პაციენტი.

აღსანიშნავია, რომ კოვიდ-19-ით საქართველოში 28 ივნისის შემდეგ არავინ გარდაცვლილა.

მოამზადა ნინო ხოშტარიამ

წყარო: „კურიერი“

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close