საზოგადოებასაქართველო

ბასილაშვილის პროცესი არ იქნება – სასამართლო აგვისტოში გადაიდო

16 ივლისს საქალაქო სასამართლოში აღარ გაიმართება დანიშნული სხდომა ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლ ბასილაშვილის საქმეზე.

რადიო თავისუფლებას ეს ინფორმაცია დაუდასტურა როგორც ჩოგბურთელის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ, ისე ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველმა ანა აბაშიძემ.

სასამართლო აგვისტოს ბოლოსთვის გადაიდო.

როგორც ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტმა და ამ შემთხვევაში დაზარალებულის ადვოკატმა ანა აბაშიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, საქმეში ბასილაშვილისა და დოროყაშვილის არასრუწლოვანი შვილის ფიგურირების გამო ამ საქმის დაჩქარებულად განხილვა არ ღირდა. მით უმეტეს, რომ ბავშვი ახლა რეაბილიტაციის პროცესშია და, ადვოკატის აზრით, აჯობებს, მან გარკვეული დროის შემდეგ, მშვიდ ვითარებაში მისცეს ინფორმაცია გამოძიებას.

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის ქრონოლოგია

2020 წლის 21 მაისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა.

21 მაისს გამოიცა შემაკავებელი ორდერები (სულ 6 ორდერი) ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მის მშობლების მიმართ, რომლებიც მხარეებმა გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

8 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული ყველა ორდერი ძალაში დატოვა.

ბასილაშვილის ოჯახს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ამ ორდერებს მოქმედების ვადა 21 ივნისს ამოეწურა.

ჩოგბურთელი 24 მაისს სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გამოძიება ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის დამუშავების პროცესშია.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საქმეს შესაძლოა დაემატოს სხვა ეპიზოდებიც და გარკვეულწილად შეიცვალოს ბრალის დადგენილებაც.

ეს „დამატებითი ეპიზოდები“, ანა აბაშიძის სიტყვებით, ეხება სხვადასხვა დროს ჩადენილ როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს, თუმცა ეს მასალა ჯერ დამუშავების ეტაპზეა და ამიტომ უცნობია, აისახება თუ არა ის ბრალდების შინაარსში.

ამ ეტაპზე, როგორც ანა აბაშიძე გვეუბნება, სასამართლოს განჩინებით, ნიკოლოზ ბასილაშვილს ეკრძალება ბავშვის ფიზიკური მონახულება.

საქმეში ასევე არსებობს ბავშვზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, სოციალური სამსახურის მოსაზრებაც, რომელიც ამ სამსახურმა ორდერების განხილვის პროცესის დროს დააფიქსირა: სანამ საგამოძიებო პერიოდი არ ჩაივლის და საქმე არ დასრულდება, ბავშვისთვის რეკომენდებული არ არის არც მამასთან და არც მამის ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია.

ეს რეკომენდაცია ამ ეტაპზე სრულდება და როგორც ანა აბაშიძე ამბობს, მისი დარღვევის მცდელობა არ ყოფილა.

ნელი დოროყაშვილის ადვოკატს ასევე ვკითხეთ, რით ხსნის იმ ფაქტს, რომ ბასილაშვილის დაცვის მხარემ არ გაასაჩივრა შემაკავებელი ორდერები სააპელაციო სასამართლოში. ანა აბაშიძის მოსაზრება ამ საკითხზე შემდეგია:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადვოკატებმა ზუსტად იციან, რომ მოხდა ოჯახში ძალადობა. იცოდნენ ისიც, რომ როგორც სასამართლომ დატოვა ძალაში მათ მიერ გასაჩივრებული შემაკავებელი ორდერები, ისე წააგებდნენ პროცესს სააპელაციო სასამართლოშიც. და რადგან მათი მთავარი კოზირი საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებით თამაშია, ჩათვალეს, რომ მეორედ წაგება მათ ერთადერთ სტრატეგიას სრულად ჩამოშლიდა. მხარდამჭერების რაოდენობა ხომ მაშინ მცირდება, როცა ხალხი ხედავს, რომ ქალი სამართლებრივად ამტკიცებს თავის სიმართლეს, ამიტომაც, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ მათ გადაწყვიტეს, ეს დარტყმა აღარ მიეღოთ“.

იგივე ვკითხეთ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატს ირმა ჭკადუასაც. მან გვიპასუხა, რომ ამ ორდერს ისედაც დაკარგული ჰქონდა ძალა ვადის გასვლის გამო. „ის არ იყო ვალიდური“ და, შესაბამისად, არც მის გასაჩივრებას ჰქონდა აზრი.

ნელი დოროყაშვილის და მისი ადვოკატების მხრიდან ამ თემის წინ წამოწევა, ჭკადუას შეფასებით, მხოლოდ პრესაში გამოჩენის და „სპეკულაციის მცდელობაა“.

რადიო თავისუფლებას ადვოკატთან საქმესთან დაკავშირებული რამდენიმე სხვა კითხვაც ჰქონდა, თუმცა ირმა ჭკადუამ გვიპასუხა, რომ დამატებით ამ საკითხზე მხოლოდ ბასილაშვილთან შეთანხმების შემდეგ ილაპარაკებს. მან ხოლოდ ის გვითხრა, რომ ჩოგბურთელი არ აპირებს თავისი შვილის დედასთან ბრძოლას და ამით ყველაფერი ნათქვამია.

„ჩვენ ნიკა ბასილაშვილს დავიცავთ სასამართლო დარბაზში და არა საჯარო განხილვებში“, – უთხრა ირმა ჭკადუამ რადიო თავისუფლებას.

მედიასთან არ საუბრობს არც თავად ნიკოლოზ ბასილაშვილი (მან მხოლოდ ერთი საჯარო წერილობითი განცხადება გააკეთა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე).

დუმს ნელი დოროყაშვილიც.

როგორც მისი ინტერესების დამცველმა ანა აბაშიძემ გვითხრა, ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ყოველ გამოჩენას მედიაში არა მხოლოდ მისი, არამედ მისი დამცველი ქალების მიმართაც მყისიერად მოსდევს აგრესიული კამპანია, რომლის მოგერიებაც არც ისე მარტივია.

ანა აბაშიძე ამბობს, რომ ბასილაშვილი-დოროყაშვილის სასამართლო დავამ რამდენიმე საყურადღებო ტენდენცია გამოკვეთა.

გააგრძელე კითსვა აქ: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close