fbpx
საზოგადოებასაქართველო

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ საქართველოში 1000-ს გადააჭარბა

გასულ დღე-ღამეში SARS-CoV-2-ის კიდევ 4 შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 1003-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი და მთლიანობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 873-ს შეადგენს (87%). გარდაცვლილია 15 პაციენტი (1,5%).

ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის მატარებელი 115 აქტიური პაციენტია, მათგან 5-ის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად მძიმედ აფასებენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, 4 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვირუსი მაინც ცირკულირებს.

„სამწუხაროდ, ერთი ადამიანის შემთხვევაში წყარო ჯერჯერობით უცნობია, ეს ნიშნავს, რომ, საბედნიეროდ, ცოტა, მაგრამ ვირუსი ქვეყანაში მაინც ცირკულირებს. შემოტანილი შემთხვევები ნაკლებად საგანგაშოა, რადგან ისინი პირდაპირ საკარანტინო ზონიდან არიან ხოლმე. ამიტომ ნაკლები საგანგაშოა. როდესაც ჩნდება ადგილობრივი შემთხვევა, ეს არის ჩვენთვის ყოველთვის თავსატეხი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, 4 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 3 შემოტანილია. ამ 3-იდან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 კი საკარანტინე სივრცეში დადასტურებული შემთხვევაა. მეოთხე პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია, ამჟამად მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევები დაავადების წყაროს მოსაძიებლად.

წინა დღეებში გამოვლენილი შემთხვევები, ძირითადად, იმპორტირებული იყო – საკარანტინო ზონებიდან ან სატვირთო ავტომობილის მძღოლები. გუშინ დილით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, აგრეთვე, 4-ით გაიზარდა და ოთხივე შემთხვევაში ინფიცირება სატვირთო ავტომობილის მძღოლებს დაუდასტურდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close