მოგზაურობამსოფლიო

ევროკავშირი „უსაფრთხო ქვეყნების“ სიიდან სერბეთსა და მონტენეგროს ამოიღებს, საქართველო სიაში რჩება

ევროპის კავშირი სერბეთისა და მონტენეგროს ამოღებას აპირებს იმ ქვეყნების სიიდან, საიდანაც ნებადართულია ევროკავშირში არაარსებითი დანიშნულების მოგზაურობა. სიაში, რომელშიც საქართველოც არის, აშშ-ის შეყვანის საკითხი არც განიხილებოდა იქ ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო.

როგორც „როიტერსი“ იტყობინება, უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ორი ქვეყნის ამოღების თაობაზე გადაწყვეტილება წუხელ მიიღეს ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის, გერმანიის ინიციატივით.

უსაფრთხო ქვეყნების სიიდან სერბეთისა და მონტენეგროს ამოღების შემდეგ მასში 13 ქვეყანა რჩება: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, ჩინეთი, საქართველო, იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთი კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

სიაში ყოფნის მიუხედავად, ჩინეთიდან ევროკავშირში მოგზაურობა მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა ჩინეთი თავადაც მსგავს რეჟიმს შემოიღებს ევროკავშირის მოქალაქეების მიმართ.

როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა, სია ოფიციალურად პარასკევს გამოცხადდება.

ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სია ივნისის ბოლოს გამოაქვეყნა და მასში საქართველოც შეიყვანა. სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ განახლდება და მასში მოხვედრის მთავარი კრიტერიუმია ის, რომ კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებული ვითარება არ უნდა იყოს ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე უარესი.

სიას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და ევროკავშირის წევრი ქვეყნები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ქვეყანასთან მიმოსვლის თაობაზე.

წყარო: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close