ვენეტოს (ვენეცია) პრეზიდენტი სავალდებულო კარანტინის დამრღვევებს ციხით დაემუქრა
ვენეციის ხელისუფლება საწარმოების მუშაობაზე შეზღუდვას განმეორებით აღარ შემოღებს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის გამო, მაგრამ უცხო ქვეყნებიდან შემოსულ ყველა ადამიანს ავალდებულებს, ტესტირება გაიარონ, ხოლო ვირუსის მატარებლებს, რომლებიც სავალდებულო კარანტინს დაარღვევენ, ჯარიმას დააკისრებს. ვენეტოს (დედაქალაქი – ვენეცია) რეგიონის პრეზიდენტი ლუკა ძაია დამრღვევებს ციხითაც დაემუქრა.
ივლისის დასაწყისში ვენეტოში ვირუსის გავრცელების კოეფიციენტმა (RT) ისევ ზრდა დაიწყო და 1,6 ნიშნულს გადააჭარბა. რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ „შეუგნებელ“ ადამიანებს, რომლებიც არ ასრულებელ სანიტარიული დისტანციის დადგენილ წესს და საყოველთაო კარანტინის დასრულების შემდეგ მასობრივ სეირნობებს აწყობენ.
ვენეტოს რეგიონში დღეს, 6 ივლისს გამოცემული ახალი რეგულაციის თანხმად, ULSS (ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი) ვალდებულია, მერს, პრეფექტს და პოლიციას შეატყობინოს იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც სავალდებულო კარანტინს და თვითიზოლაციას ექვემდებარებიან, რათა ზემოაღნიშნულ უწყებებს ყველას გაკონტროლების საშუალება ჰქონდეთ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით. თუ კოვიდდადებითი პაციენტის ჰოსპიტალიზაცია არ მოხდება, საავადმყოფო ვალდებულია ოფიციალური ანგარიში წარუდგინოს პოლიციას. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სავალდებულო კარანტინს დაარღვევს, თუნდაც დარღვევის მომენტში მისი ტესტი კორონავირუსზე უარყოფითი იყოს, 1000 ევროთი დაჯარიმდება.
როგორც ცნობილია, 2020 წლის 11 ივნისის ბრძანებულებით პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ რეგიონის პრეზიდენტებს (ხელისუფლებებს) უფლებამოსლება მიანიჭა, დამოუკიდებლად შემოიღონ რეგულაციები და შეზღუდვები კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რომლის შედეგები დღეს გახდა ცნობილი, იტალიის ადგილობრივი ხელისუფლებების მეთაურებს შორის ყველაზე პოპულარულები აღმოჩნდნენ ვენეტოს პრეზიდენტი ლუკა ძაია და ქალაქ ბარის მერი (Anci-ს – იტალიის კომუნების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი) ანტონიო დეკარო. მიუხედავად კოვიდ-19-ის გამო არსებული დაძაბულობისა, დღეს რომ ჩატარდეს 18 რეგიონის პრეზიდენტსა და 105 ქალაქის მერის პირდაპირი არჩევნები, ისინი ხმების 70%-ს მიიღებენ. ასეთია Il Sole 24 Ore-სთვის Noto Sondaggi-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.
ნინო ხოშტარია
წყარო: Ansa
კომენტარები