ქართველები უცხოეთშიnews

საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ივლისში ევროპის ქვეყნებიდან 5 ავიარეისი შესრულდება

საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ივლისში 5 ავიარეისი შესრულდება ევროპის ქალაქებიდან: ვარშავიდან, ბარსელონიდან, რომიდან, პარიზიდან და ათენიდან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. რეისებს ორი ავიაკომპანია შეასრულებს – „ვიზეარი“ და „მაივეი ეარლაინსი“.

ფრენის განრიგი ასეთია: 13 ივლისი – ვარშავა, 15 ივლისი – ბარსელონა, 17 ივლისი – რომი, 22 ივლისი – პარიზი, 28 ივლისი – ათენი.

აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 200 ევროზე მეტი არ იქნება. ამასთან, დაბრუნებულ მოქალაქეებს 14-დღიანი კარანტინის გავლის ვალდებულება ექნებათ.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა და გასცა რეკომენდაცია მათთვის საზღვრების გახსნის შესახებ, მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, საზღვრების გახსნის თაობაზე, ინდივიდუალურად, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ამჟამად რიგ ქვეყნებთან, რომლებმაც უკვე გამოთქვეს საზღვრების გახსნის მზაობა, დეტალურად თანხმდება ყველა ის პროცედურა, რომელთა გავლა მოქალაქეებს მგზავრობის შემთხვევაში ორმხრივად მოეთხოვებათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში შიდა ავიარეისებიც აღდგება.

რაც შეეხება ინფექციის გავრცელებას ქვეყანაში: ბოლო დღეებში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2-3 შემთხვევა ფიქსირდება და მათი დიდი ნაწილი იპორტირებულია. მაგ., გუშინ კორონავირუსის 3-ივე ახალი შემთხვევა იმპორტირებული იყო, მათგან 2 შემთხვევაში ვირუსი სატვირთო ავტომობილის მძღოლებს დაუდგინდათ, დღეს გამოვლენილი 2 შემთხვევიდან ორივე სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

ამ დროისთვის საქართველოში სულ დაფიქსირებულია კორონაირუსით ინფიცირების 953 შემთხვევა, 15 პაციენტი გარდაიცვალა, 830 – გამოჯანმრთელდა; ვირუსის მატარებელ აქტიურ პაციენტთა რიცხვი 108-ს უდრის, მათგან მძიმედ ფასდება 5 პაციენტის მდგომარეობა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close