საზოგადოებასაქართველო

იურიდიული ფაქტების მიღმა – პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებზეც ბევრს გვიფიქრია

„ოთხი დღე ეძებდნენ ბიჭს და არავინ ხმას არ იღებდა!“

19 წლის ფეხბურთელი  გიორგი შაქარაშვილი 25 ივნისს დაკრძალეს. ბიჭი, რომელიც დაბადების დღის წვეულებიდან გაუჩინარდა, მაშველებმა 4-დღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვვის კალაპოტში  გარდაცვლილი იპოვნეს. 

საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ გიორგი შაქარაშვილს ამაღელვებელი ვიდეოკოლაჟით დაემშვიდობა

მომხდართან დაკავშირებით თითქმის ყოველდღიურად ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდება.

ანალიტიკოსი სიმონ კილაძე ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით იმ საკითხებზე წერს, რომელზეც ბევრს გვიფიქრია, მაგრამ ფაქტების ტყუილ-მართალ კორიანტელში ჩაიკარგა და ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.

„ბევრი ინფორმაციებია გიორგი შაქარაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით. ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია დაკითხვები არსებობს. ალბათ, გამოძიება მეტ-ნაკლებად ყველაფერს გაარკვევს, მაგრამ მე ერთი რამე მიკვირს: სამი თუ ოთხი დღე ეძებდნენ ბიჭს და არავინ ხმას არ იღებდა, სანამ ზოგიერთები „კედელთან არ მიაყენეს“. შეეშინდათ „მეგობრებს“!?

ისე, ამ გაგანია კორონავირუსის დროს, რა დაბადების დღის გადახდა მოისურვეს? რატომ არ უთხრეს მშობლებმა, უფროსი ასაკის ახლობლებმა გოგონას, რომ ახლა, მსოფლიო პანდემიის დროს, როცა ყველა ქვეყანაში ადამიანებს უჩინარი მტერი ჰყავს ჩასაფრებული და სიკვდილი ემუქრებათ, დაბადების დღის აღნიშვნა არაეთიკურია, თანაც 30 ადამიანის დაპატიჟება საკარანტინო მოთხოვნების უხეში დარღვევაა? მე ვფიქრობ, მშობლებიც ძალიან გასაკიცხები არიან იმის გამო, რომ საკარანტინო წესების დარღვევით გამართულ წვეულებას ასეთი ტრაგიკული გაგრძელება მოჰყვა…“, – წერს კილაძე.

იმავე კითხვებს, ოღონდ უფრო კატეგორიული ფორმით, სვამს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი:

„დღევანდელი პირობები კურორტია მსგავსი სასტიკი დამნაშავეებისთვის სასჯელის მოსახდელად! სადისტების გამზრდელმა მშობლებმა სიცოცხლე რა სინდისით უნდა გააგრძელონ, როგორ უნდა გაბედონ და იბრძოლონ მათი თავისუფლებისთვის?!

ყველა ის პირი, ვინც არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს! სად არის გოგონას მშობლები, ამ პანდემიური აკრძალვების დროს 50 კაცი დაქირავებულ ვილაში რომ შეკრიბა და დააფინანსა?

გასათვალისწინებელია ახალგაზრდების ასაკი, მათი ნაცნობობა ან უცნობობა, მათი საერთო ინტერესები თუ…? უფრო მეტად სასტიკია მკვლელები, რომელიც 4 დღე სამძებრო სამუშაოებს შორიდან უყურებდა! ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც დუმდა მთელი ამ ხნის განმავლობაში.

უბედური დედის ლამაზი, კეთილი, მშრომელი, სპორტსმენი შვილის ნაცემ სხეულს 4 დღე მდინარე დაათრევდა! ყველა ვინც დუმდა, პოტენციური მკვლელია, ვინც შეესწრო კონფლიქტს, მანქანების დევნას, და არ შეატყობინა პოლიციას – თანამონაწილეა!

ვეღარ ვიკავებ თავს. ღმერთო, გასკდა გული! როგორი შვილი მოუკვდა დედას, საქართველოს“, – წერს კუბლაშვილი.

ხვალ იგივე რომ არ განმეორდეს, ყველა ფაქტობრივ მტკიცებულებასთან ერთად, ამ მორალურ კითხვებსაც უნდა გაეცეს პასუხი.

…და კიდევ ერთი, ჟურნალისტ ნანა აკობიძის პოსტი:

„დღეს დაკრძალეს დაბადების დღეზე წასული 19 წლის ბიჭი. მოკლეს, მოაკვლევინეს, აიძულეს, მომკვდარიყო – მხოლოდ იურიდიულად აქვს ამ დეფინიციებს მნიშვნელობა.

მშობლისთვის ალბათ ახლა მხოლოდ იმას აქვს მნიშვნელობა, ისეთი ვერსია გამოიკვეთოს, რომლითაც დადასტურდება, რომ ძალიან სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი და მის შვილს სიკვდილის წინ ძალიან არ ტკენია, არ გამწარებულა…

სამი ბიჭი მყავს, სხვადასხვა ასაკის. დადიან და წავლენ დაბადების დღეებზე, მათ შორის ნაქირავებ სახლებშიც; ჩემი სახლიც რამდენჯერ დამითმია უფროსი ბიჭისთვის და მისი მეგობრებისთვის, მამამისი კი ეზოში, მანქანაში მჯდარა დილამდე, ისე, რომ მათ არც გაუგიათ.

მაგრამ ძალიან ნათელია, რომ რაღაც ასაკის მერე მამა და დედა ვერ გაყვებიან შვილებს დაბადების დღეებზე და ამაზე არაა პოსტი. პოსტი იმაზეა, შვილი რომ დაბრუნდება წვეულებიდან, სადაც წუხელ დიდი ჩხუბი მოხდა და თვითონ თუ არ გეტყვის, შენით რომ ვერაფერს შეატყობ სახეზე, ქცევაზე, ხასიათზე…

იმ საბედისწერო დაბადების დღეზე მყოფი გოგოების და ბიჭების, მათ შორის იუბილარის ქალბატონო დედებო, დიდი ალბათობით, ამ ასაკის ახალგაზრდები ჩვენთან ცალკე არ ცხოვრობენ და სახლში რომ მოგივიდათ ნაჩხუბარი და დასტრესილი შვილები, დავიჯერო, ვერაფერი შეატყვეთ? ჩემი შვილი ახლა შორსაა, მესინჯერით ვკონტაქტობთ და ხო-ს რომ მომწერს, უკვე ვხვდები, როგორ ხასიათზეა და თქვენ? დავიჯერო, ასე გაქვთ დაკარგული ემოციური კავშირი შვილებთან??

თუ ასეა, მაშინ თქვენც გისამძიმრებთ იმ ანგელოზივით ბიჭის მშობლებთან ერთად – თქვენ უფრო ადრე დაგიკარგავთ შვილები და ვერ მიმხვდარხართ. მაგრამ, სამწუხაროდ, უფრო ის მგონია, რომ ყველამ  ყველაფერი იმ ღამესვე იცოდით, იცით და დუმხართ. ამასაც გისამძიმრებთ“, – წერს ნანა აკობიძე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close