დედა შვილებს ფოტოებს უღებდა, როცა 6 წლის ბიჭს ფეხი დაუცდა, მტკვარში ჩავარდა და დაიხრჩო
უბედური შემთხვევა თბილისში – მდინარე მტკვარში ჩავარდნილი ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 6 წლის ბიჭი დასთან და დედასთან ერთად მდინარის ნაპირზე იმყოფებოდა, როდესაც ფეხი დაუცდა და დინებამ გაიტაცა.
თვითმხილველები ყვებიან, რომ დედას შვილები სასეირნოდ ჰყავდა გამოყვანილი და მათ ფოტოებს უღებდა. სწორედ ამ დროს დაუცდა ფეხი სველ ქვაზე 6 წლის ბიჭს და მტკვარში გადავარდა.
ბავშვის დედამ და 13 წლის დამ ბიჭუნას გადარჩენა ცადეს და წყალში თავადაც შევიდნენ, თუმცა მდინარის სიღრმე ქვემო ფონიჭალის ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 9 მეტრია და დინება იმდენად ჩქარია, რომ ისინი მაშველებმა გამოიყვანეს, ბიჭის ცხედარი კი მტკვარმა მეორე ნაპირზე გამორიყა.
ადგილობრივები და თვითმხილველები ბიჭის გადარჩენას მეორე ნაპირზეც ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. მათი თქმით, პატარა ბიჭს პულსი აღარ ესინჯებოდა.
გარდაცვლილი ბიჭის 13 წლის და შოკური მდგომარეობით რეფერალურ კლინიკაშია მოთავსებული. მკურნალი ექიმის დავით ლალიაშვილის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და ტრავმული დაზიანებები არ აქვს.
გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
rustavi2.ge
კომენტარები