მედიცინაიტალიასაზოგადოება

იტალია: კოვიდ-ინფიცირებული ლეიკემიით დაავადებული 6 წლის ბავშვი პლაზმით მკურნალობის შედეგად გამოჯანმრთელდა

6 წლის ბავშვს ძვლის ტვინი გადაუნერგეს რომის პედიატრიულ კლინიკა Bambino Gesù-ში, სადაც იგი მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზით იყო მოთავსებული. სიტუაციას ამძიმებდა ის ფაქტი, რომ პატარა ბიჭუნას, ლეიკემიასთან ერთად, კორონავირუსიც დაუდასტურდა. ოპერაცია პროფესორმა ფრანკო ლოკატელიმ ჩაატარა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

ბავშვს ჯერ კორონავირუსზე უმკურნალეს ჰიპერიმუნური პლაზმის მეშვეობით, რომელიც კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებული პაციენტისგან მიიღეს, შემდეგ კი ძვლის ტვინის გადანერგვის წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა.

ბრიტანული ოჯახი ბავშვის სამკურნალოდ, რომელსაც მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა, ლონდონიდან იტალიაში, კერძოდ, რომში 2019 წლის ოქტომბერში ჩავიდა. საჭირო იყო ძვლის ტვინის გადანერგვა. ონკოჰემატოლოგიისა და უჯრედული და გენური თერაპიის განყოფილების გუნდმა მოსამზადებელი თერაპია ჩაატარა: ბავშვმა ქიმიოთერაპიის და იმუნოთერაპიის კურსი გაიარა დაავადების „მუხტის“ შესამცირებლად იმ ზღვრამდე, როდესაც გადანერგვის წარმატებით დასრულებისთვის საუკეთესო შანსი არსებობს.

თვეების განმავლობაში ქიმიოთერაპიით მკურნალობამ სათანადო შედეგი გამოიღო და გადანერგვის მომენტი მოახლოვდა, თუმცა იმის გამო, რომ თავსებადი დონორი ვერ იპოვეს, გადაწყდა მშობლის ჰემატოპოეტიკური ღეროვანი უჯრედების გადანერგვა. 2020 წლის მარტში, პანდემიის შუაგულში, ბიჭუნას მშობლებს აუცილებელი კვლევა ჩაუტარდათ ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების დონაციისთვის კანდიდატის დასადგენად. ასევე ჩატარდა ტესტირება კორონავირუსზე და მთელი ოჯახი კოვიდ-დადებითი აღმოჩნდა: ასიმპტომური მამა და შვილი, დედა კი – მსუბუქი სიმპტომებით. ტრანსპლანტაციის გასაგრძელებლად აუცილებელი იყო დალოდებოდნენ, სანამ ოჯახის ყველა წევრის ანალიზები კორონავირუსზე უარყოფითი იქნებოდა.

განსაკუთრებით საყურადღებო იყო პატარას შემთხვევა, რომლის იმუნური თავდაცვაც ლეიკემიამ სრულად დაბლოკა – აქედან გამომდინარე მიიღეს ექიმებმა ჰიპერიმუნური პლაზმით მკურნალობის გადაწყვეტილება და ბიჭუნას ორგანიზმში კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა შეიყვანეს, რომელიც მდიდარი იყო ანტისხეულებით. ბავშვი კორონავირუსისგან მალე სრულად განიკურნა, გამოჯანმრთელდნენ მისი მშობლებიც და შესაძლებელი გახდა დაგეგმილი გადანერგვის ჩატარება მამისგან აღებული ჰემატოპოეტიკური ღეროვანი უჯრედებით.

რომის პედიატრიული კლინიკა Bambino Gesù-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახლა ბავშვი კარგად არის, მას არანაირი გართულება არ ჰქონია და ჩვეულებისამებრ გაივლის ოპერაციის შემდგომ საჭირო შემოწმებებს.

ამ ფაქტზე Nostal.ge-მ კომენტარი სთხოვა იტალიელ ექიმს მატეო მაფეის, რომელსაც, როგორც გაირკვა, 6 წლის ასაკში ზუსტად იგივე დაავადება – მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინეს (ახლა მატეო 32 წლისაა) და ჩატარებული ქიმიოთერაპიის შედეგად გამოჯანმრთელდა (მაშინ, მოგეხსენებათ, ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციები არ ტარდებოდა).

„ის, რაც ბრიტანელი ბავშვის შემთხვევაში იტალიელმა ექიმებმა შეძლეს, ნამდვილად დიდი მიღწევაა: ლეიკემიით დაავადებული პაციენტისთვის, რომლის ორგანიზმში იმუნური უჯრედების წარმოქმნა შეწყვეტილია, უმარტივესი ვირუსიც კი შეიძლება სიცოცხლის შეწყვეტის მიზეზი გახდეს. სხვა, უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმით მკურნალობის საშუალებით, რომლის სისხლიც მდიდარია ანტისხეულებით, მოხდა სუსტი იმუნიტეტის მქონე ორგანიზმში ანტისხეულების გადატანა და პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა“, – გვითხრა მატეო მაფეიმ.

ციცი ხაბელაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close