რუსთავში გველი ხალხის დაგესვლას ცდილობდა
რუსთავში, მე-11 მიკრორაიონში ადგილობრივებმა გველი ნახეს.
თვითმხილველი საიფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ქვეწარმავალი ძალიან აგრესიული იყო და ხალხის დაკბენას ცდილობდა. მისივე თქმით, გველი ეზოში მყოფმა მამაკაცებმა მოკლეს.
მოსახლეობა სადარბაზოებში და საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეწარმავლების გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული სამუშაოების ჩატარებას მოითხოვს.
გველები რუსთავში მაისში გამოჩნდნენ.
12 მაისს რუსთავში, მე-12 მიკრორაიონის მცხოვრებლებმაც კორპუსის სადარბაზოში ნახეს და დღევანდელი შემთხვევასავით, თავად მობინადრეებმა მოკლეს გველი. მეორე დღეს კი ჰერპეტოლოგები მე-17 მიკრორაიონის ერთ-ერთ კორპუსში გამოიძახეს. შეტყობინების თანახმად, გველი ერთ-ერთმა ადგილობრივმა მეორე სართულზე კიბეზე ნახა.
ჰერპეტოლოგების ჯგუფი ქალაქში 1-ლი აპრილიდან მუშაობს და მაისში გამოძახების 13 ფაქტი დაფიქსირდა. ჰერპეტოლოგების თქმით, რუსთავში შხამიანი გველები არ ფიქსირდება თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ქვეწარმავალს შენიშნავს, ცხელ ხაზზე უნდა დარეკოს და ადგილზე ჰერპეტოლოგთა ჯგუფი გავა.
კომენტარები