საზოგადოებასაქართველო

ამაღლება – შეხვედრა მარადიულისა და დროებითისა, მიწიერისა და ზეციურისა

„უფალი ბრძანებს: „სადაც ორნი ან სამნი შეიკრიბებიან ჩემი სახელით, მე მათ შორის ვარ“, ამიტომ ვართ დარწმუნებულნი, რომ დღესაც ჩვენ შორისაა უფალი და ვმადლობთ მას ამ დიდი წყალობისათვის“, – ბრძანებს საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნატარესი ილია II.

აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. ამაღლება – ეს არის ქრისტეს მიწიერი მოღვაწეობის დასასრული, გვირგვინი ქრისტიანული დღესასწაულებისა; ეს არის ხილული ფორმა ძე ღვთისას თავის მარადიულ ყოფიერებაში დაბრუნებისა; ეს არის შეხვედრა მარადიულისა და დროებითისა, მიწიერისა და ზეციურისა.

უფალი იესო ქრისტე ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა თავის მოწაფეებს და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა, როგორც იოანე ოქროპირი ამბობს, ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს“, რაც მათთვის მაცხოვრის აღდგომამდე გაუგებარი და მიუწვდომელი იყო. აღდგომიდან მეორმოცე დღეს კი გალილეიდან დაბრუნებული მოწაფეები ქრისტემ ბეთანიის მიმართულებით, ელეონის მთაზე გაიყვანა, აღუთქვა, რომ მალე სულიწმიდას მოუვლენდა, უბრძანა, არ გაშორებოდნენ იერუსალიმს, შემდეგ ხელები ცისკენ აღაპყრო, აკურთხა შეკრებილნი და კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ – ზეცად იწყო ამაღლება, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.

ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ და ხედავდნენ, როგორ შორდებოდათ უფალი, მათ ანგელოზები გამოეცხადნენ, რომლებმაც უთხრეს: „კაცნო, გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად. ესე იესო რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად“ (საქ. მოც. 1, 11). მოციქულები სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში. თითქოს გასაკვირია, მაცხოვარი დაშორდა მათ, მოციქულები კი გახარებულები არიან, მაგრამ ისინი გახარებულები იყვნენ იმის გამო, რაც უფალმა მათ და მთელ ქვეყანას უთხრა: „მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ“.

„მოციქულებს ერთი შესანიშნავი და საოცარი წესი ჰქონდათ: როცა ტრაპეზზე სხდებოდნენ, აუცილებლად ტოვებდნენ ორ თავისუფალ ადგილს – ერთს მაცხოვრისთვის და ერთს ღვთისმშობლისთვის. მათ სწამდათ, რომ მაცხოვარი და ღვთისმშობელი უჩინრად მათთან იყვნენ. მოციქულების ეს ტრადიცია მთელ მსოფლიოში მარტოოდენ საქართველომ შეინარჩუნა. როცა ჩვენ ტრაპეზზე ვსხდებით, პირველი სასმისით უფალი იდიდება, ხოლო ბოლო სასმისი აუცილებლად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სადიდებელია. ეს ტრადიცია, სუფრის ეს კულტურა არცერთ სხვა ეკლესიას, არცერთ სხვა ერსა თუ ქვეყანას არ აქვს“, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამაღლების დღესასწაულზე ქადაგებისას 2009 წელს.

ქრისტე გაშლილი ხელებით ამაღლდა. ელეონის მთასთან მდგარი მოწაფეები პირველ ქრისტიანულ ეკლესიას განასახიერებდნენ. სიყვარულითა და იმედით სავსე ეს ეპიზოდი არის ნიშანი და აღთქმა იმისა, რომ ღვთის კურთხევა მუდამ ჰგიებს ეკლესიაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამაღლების დღესასწაული ქრისტიანული ეკლესიისთვის IV-V საუკუნეებში საყოველთაო გახდა და დროთა განმავლობაში რიტუალური წესებიც ჩამოყალიბდა.

ქართულ საეკლესიო მხატვრობაში ქრისტეს ამაღლების მხატვრული კომპოზიცია ყველაზე კარგად დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ამაღლების ეკლესიასა (X ს.) და ზემო კრიხის (ამბროლაურის რაიონი) ეკლესიაშია (X ს.) შემონახული.

საქართველოს მთიან რაიონებში ამაღლება დიდ დღეობას ემთხვევა, რომელიც სოფლიდან ალპურ საძოვრებზე საქონლის გადარეკვასთანაა დაკავშირებული. ამაღლების დღესასწაულზე ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის, მთიულეთ-გუდამაყრის, ჯავახეთისა და საქართველოს სხვა მხარეთა სოფლის მცხოვრებლებს წარმართულ სალოცავებში დღემდე მიაქვთ შესაწირი და ოჯახის კეთილდღეობას, საქონლის გამრავლებას, ბარაქიანობას… შესთხოვენ.

მაცხოვრის ამაღლებით მთელმა კაცობრიობამ მარადიული სულიერი აღმასვლის შესაძლებლობა მიიღო.

„ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა“.

მოამზადა თამარ ოთიაშვილმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close