22 მაისს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, სპორტსმენი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მამამისი ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც.
ბასილაშვილის მიმართ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.
24 მაისს სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ძალადობაში მონაწილეობდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მამაც. იგი დაკავებული არ არის.
ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა ჩოგბურთელმა გირაოს გადახდის შემდეგ საპატიმრო დატოვა.
ბასილაშვილის ახლობლების ინფორმაციით, სპორტსმენი ბრალს არ აღიარებს.
ძალადობის ისტორია, რომელსაც ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე მოდელი ნეკა დოროყაშვილი ჰყვება, ასეთია:
„გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას, რადგან მარტო ჩემი ქმარი კი არ იყო მოძალადე, მთელი ოჯახის ამბავია. ჩემი ბავშვის თანდასწრებით მოხდა ეს, ძლივს გადავარჩინე მისი სიცოცხლე. აღმენიშნება დაზიანებები, ექსპერტიზა ჩატარდა და კიდევ არის დაგეგმილი ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, ფოტომასალაც არის. ძალადობას ჰქონდა პერმანენტული ხასიათი. უბრალოდ მეგონა, რომ დაშორების შემდეგ აღარ გაგრძელდებოდა. საქართველოა და ვუფრთხილდებოდი ოჯახის სტატუსს. დაშორების შემდეგ ამ ყველაფერმა ასეთი ხასიათი მიიღო, ლამის სიცოცხლეს გამოვესალმეთ მე და ჩემი შვილი, ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით. იქით ჩემი მამამთილის და ქმრის მხრიდან, აქეთ ჩემი დედამთილის მხრიდან, მე უბრალოდ უცხო პირმა გადამარჩინა, უცხო მანქანას ჩავუჯექი“, – განაცხადა ნეკა დოროყაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილს ხელში მისთვის გაურკვეველი ნივთი ეჭირა, როდესაც მისკენ მიდიოდა.
„ცივი იარაღი არ იყო. გამოიქცა და ეჭირა რაღაც დიდი, ტარი დავინახე. იმდენად აფექტში იყო, ბავშვი ვერც მან დაინახა. იმდენად სწრაფად გამოვიქეცი, ვერ ვიხსენებ, ეს არ იყო, თოფი თუ პისტოლეტი, ეს იყო უფრო ჯოხი“, – განაცხადა ნეკა დოროყაშვილმა.
წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა. ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე, მოდელი ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ.
სანამ სასამართლო ვერდიქტს გამოიტანს, სოციალურ ქსელში სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება. ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი წერს, რომ ცნობილი ჩოგბურთელი მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა, ყოფილი ცოლი კი დუმილის სანაცვლოს თანხას ყოველთვიურად იღებდა.
მოკლედ, კიდევ ერთხელ რომ განგიმარტოთ, ზოგიერთი ჩლუნგი რომ არ გამოხტეს მერე – კულუარული ინფორმაცია ბევრი წელია მაქვს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი თავის ცოლზე ძალადობდა და ბევრი წელია დაშორებულები არიან. შერიგდნენ, დაშორდნენ. ნელი, იგივე ნეკა დოროყაშვილს ჰქონდა ოფიციალური კონტრაქტი გაფორმებული მეუღლესთან, რომლის მიხედვით ბასილაშვილი მას ყოველ თვე ასი ათას ლარს ურიცხავდა. ბავშვს ბასილაშვილი ნახულობდა სოც მუშაკის ნებართვით და იშვიათად!
ვაედითებ და ვამატებ იმას, რომ რაზეც შეთანხმება დაიდო, გაუთქმელობაზე კონკრეტული ამბის, ზუსტად ამ ამბის გამო მოხდა ის ძალადობები – ეს ინფორმაციისთვის
ამ კონტრაქტის სანაცვლოდ, დოროყაშვილი იყო ჩუმად. ჩემი ბოლო ინფორმაციით, მან მოითხოვა კონტრაქტის პირობების შეცვლა და სამასი ათასი ლარი ყოველთვიურად, რაზეც უარი მიიღო.
ნიკოლოზ ბასილაშვილს შვილი ჰყავდა თავისთან სახლში წამოყვანილი, სოცმუშაკის დასწრების გარეშე, ზუსტად ერთ საათში მასთან სახლში მიდის ყოფილი ცოლი და იქ იწყება კონფლიქტი. რის შემდეგაც დოროყაშვილი იძახებს პოლიციას და ბასილაშვილს აპატიმრებენ!
ის, რომ ძალადობა მიუღებელია, ამაზე დავწერო??? თუ მიხვდება ზოგიერთი ჩლუნგი თავისით! ქალი, რომელიც სოლიდური ფულის სანაცვლოდ არის ჩუმად და გაზრდილი თანხის მოთხოვნაზე უარის შემდეგ ასაჯაროებს ამას, მითხარით, მე ვარ რამის გამპრავებელი??
ნელი დოროყაშვილს არასდროს ჰქონდა პრობლემა, საჯაროდ ეთქვა სიმართლე, თუმცა დაკარგავდა ოფიციალური კონტრაქტით გაწერილ ფულს.
აქვე, სახლს სადღაც ბაგებში, მანქანას, კომერციულ ფართს ვერაზე და ა.შ
კაცი რომ ქალზე ძალადობ, სირი ხარ, მაგრამ სორი, მაგრამ ქალი გავამართლო?
ერთმანეთზე უარესების ამბავია“, – წერს მაგდა კლდიაშვილი.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ბრალდებას უარყოფს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„გვსურს, გამოვეხმაუროთ იმ ბრალდებებს, რომლებიც დღეს ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით გაჟღერდა.
პირველ რიგში, გვინდა, გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადოთ იმ ცრუ ბრალდებების გამო, რაც ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამარით ისმის.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზის ყოფილი მეუღლე ცდილობს ნიკოლოზს და მის ოჯახს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს.
ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი განქორწინებაში იმყოფებიან. ნელი დოროყაშვილი განქორწინებაზე უარს აცხადებდა, შესაბამისად განქორწინება სასამართლოს გზით, გარიგების საფუძველზე მოხდა. ნიკოლოზს ყოფილ მეუღლესთან არანაირი კონტაქტი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ არ ჰქონია გარდა ბავშვის მეურვეობისა.
ნელი დოროყაშვილი, განქორწინების შემდგომ, ასევე უსაფუძვლოდ, ბავშვზე ძალადობის ბრალდებით უჩიოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას. საჩივარი სასამრთლომ განიხილა და ბასილაშვილის დედა გაამართლა.
რაც შეეხება 21 მაისის შემთხვევას, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა, სადაც გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას. მიუხედავად ამისა, მის მიმართ არანაირი ძალადობის არათუ ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა. საბედნიეროდ, ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს და მას სასამართლო 2020 წლის 16 ივლისს განიხილავს.
სასამართლო პროცესი გრძელდება. გვჯერა, რომ ნიკოლოზი უდანაშაულობას სამართლებრივი გზით ძალიან მალე დაამტკიცებს“.
28 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 27-ე ჩოგანია.
კომენტარები