კრიმინალისაქართველო

ვალის გამო მოკლული 26 წლის ახალგაზრდა – დამნაშავემ ემიგრანტ მშობლებს მოკლული შვილის ფოტო გაუგზავნა

26 წლის ავთო კალანდაძე სანადირო თოფიდან ორი გასროლით საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. საზარელი მკვლელობა ჩოხატაურში 21 მაისს დღის პირველ საათზე მოხდა. „კურიერის“ ინფორმაციით, კალანდაძე მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე მაღაზიაში იმყოფებოდა, სახლში დაბრუნებულს კი ოჯახის ნათესავი ცეცხლსასროლი იარაღით დახვდა.

კურიერის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ოჯახის ახლობელია, მოკლულის დის ნათლიაა. მკვლელობის მოტივი შურისძიება გახდა – საქმე ოჯახებს შორის გარკვეულ ფინანსურ დავას უკავშირდებოდა. მკვლელობიდან მალევე დამნაშავე ავთო კალანდაძის ოჯახს ტელეფონით დაუკავშირდა, მშობლებს მოკლული შვილის ფოტო გადაუგზავნა და უთხრა, რომ საბოლოოდ იძია მათზე შური.

ავთო კალანდაძე თბილისში ცხოვრობდა, იგი „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ახალგაზრდა კაცი კორონავირუსის ეპიდემიის გამო თვე-ნახევრით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საცხოვრებლად გადავიდა. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, მას კონფლიქტი აქამდე არავისთან ჰქონია.

დღის ბოლოს გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. მოკლულის და, სიძე და მეზობლები გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდნენ. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება.

მკვლელობაში ბრალდებული,1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ. ჯ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-იდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სოციალური ქსელის მომხმარებელი შოთო სიხარულიძე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ავთოს მშობლები ემიგრაციაში იმყოფებიან.

„ბიჭი, რომელიც სხეულით ბედნიერებას და სიცოცხლეს დაატარებდა, დღეს მომიკლეს“, – წერს ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი, ჩოხატაურში  მოკლული ბიჭის მასწავლებელი მანანა ჯინჭარაძე დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე:

„ყოფილი მოსწავლე არ არსებობს.

დღეს ჩემი საუკეთესო მოსწავლე მოკლეს, – შეუდარებელი ადამიანი და უნიჭიერესი ახალგაზრდა; ბიჭი, რომელიც სხეულით ბედნიერებას და სიცოცხლეს დაატარებდა, – სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც, უბანშიც;
უნიჭიერესი, ჭკუასაკითხავი კაცი, ჩემი შვილის კლასელი და მეგობარი;

გულით რომ მდომოდა ერთ საყვედურსაც ვერ ვეტყოდი ისეთი პასუხისმგებლიანი იყო;
ყველა რომ გამემტყუნებინა, მას ვერასოდეს ვაკადრებდი შენიშვნას, – ენა არ მომიბრუნდებოდა;
ღიმილს საგზალივით დაატარებდა, – სულ მომღერალი და მოცეკვავე…
არც მახსოვს ვინმესთან ედავოს, ეჩხუბოს, ეკამათოს;
აქეთ გირჩევდა და დაგაკვალიანებდა…
არავისთვის არასოდეს არაფერი დაუშავებია…
არც მკვლელისთვის…
„ჭირი მართალსო“ – აი, ასე უდანაშაულოდ მომიკლეს 26 წლის მოსწავლე და აღარ ვიცი, ვინ ვანუგეშო…
დღეს მე, მოგებული რომ მეგონა ის ომი წავაგე – მეც და მკვლელის მასწავლებელმაც.

ვზივარ ახლა გაოგნებული და თქვენთვის ვწერ, ჩემო კოლეგებო…
არ გაჩერდეთ, ილაპარაკეთ, გაუჩერებლად და ძალიან ბევრი, რომ:
ზიზღი, სიძულვილი, აგრესია, რადიკალიზმი, ცივსისხლიანობა და გაუნათლებლობა კლავს უდანაშაულო ადამიანებს, საუკეთესო ახალგაზრდებს…
არ ახსნათ არცერთი გაკვეთილი მანამ, სანამ ამით არ დაიწყებთ…
არ დაასრულოთ, თუ ეს არ უთხარით…
დღეს ჩემი და შენი წილი სიმართლე არ არსებობს – დამარცხებულები ვართ“, – წერს მანანა ჯინჭარაძე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close