მსოფლიოტექნოლოგიებიჩვენი ფავორიტი

17 წლის ბიჭი, რომელმაც 8 მილიონ დოლარზე უარი თქვა

17 წლის სკოლის მოსწავლე, რომელიც სიეტლის (ვაშინგტონის შტატი) მახლობლად ცხოვრობს, ცნობილი გახდა თავისი საიტით, ncov2019.live, რომელსაც ამჟამად დღეში საშუალოდ 30 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. რა თქმა უნდა, ვუნდერკინდ მოზარდს უამრავი შეთავაზება მისდის სარეკლამო კომპანიებისგან, მაგრამ იგი „ფულის მახეში“ გაბმას არ აპირებს – ავიმ 8 მილიონ დოლარზე უარი განაცხადა: „არ მსურს სიტუაციით ვისარგებლო… მე მხოლოდ 17 წლის ვარ, 8 მილიონი დოლარი არ მჭირდება, არ მინდა ვიყო სპეკულანტი… ბევრი მეუბნება, რომ ვინანებ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ მე სხვა გეგმები მაქვს მომავლისთვის“, – თქვა მან. შიფმანს უნდა, რომ დამოუკიდებლობა და უფასო გამომწერები შეინარჩუნოს.

ახალგაზრდა პროგრამისტმა კოვიდ-19-ის სტატისტიკის რეალურ დროში აღმრიცხველი საიტი 2019 წლის დეკემბრის ბოლოს შექმნა, როდესაც ჩინეთში ჯერ მხოლოდ 1000-ზე ნაკლები ადამიანის ინფიცირება იყო ოფიციალურად დადასტურებული. საიტი რეალურ დროში (ლაივში) ყოველ ერთ საათში ახდენს განახლებას და ერთ-ერთ ყველაზე ზუსტ მონაცემებს აჩვენებს მთელ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით.

ავის პროგრამირებამ 7 წლის ასაკში გაიტაცა, პირველი საიტი კი მესამე კლასში შექმნა. ახლა მას, როგორც თავის LinkedIn-ის პროფილზე წერს, მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ვებ და კროსპლატფორმების მობილური დამუშავების მხრივ. 17 წლის ვუნდერკინდი ამჟამად 9 დიდ პროექტს უძღვება, მათ შორის, აქვს YouTube-არხი ასობით სასწავლო დამხმარე ვიდეორგოლით 3D-მოდელირებისა და გრაფიკული დიზაინის შესასწავლად. მისი რგოლების უმეტესობას 50-70 ნახვა აქვს და ავტორი „ტრაბახობს“, რომ ამ პლატფორმას მისთვის თვეში 40 დოლარი შემოსავალი მოაქვს.

წარმოუდგენელია, მაგრამ ამ ყველაფერს იგი საშუალო სკოლაში სწავლასა და კოლეჯში მოსამზადებელ კურსებზე სიარულს უთავსებს, აგრეთვე, მონაწილეობს ჰაკატონებში. ავი შიფმანის Instagram-ის გვერდზე თუ შეხვალთ, ნახავთ, რომ იგი გართობისთვისაც  ახერხებს დროის გამონახვას. 2019 წელს შიფმანი ჯგუფ KISS-ის კონცერტზე იყო, ხოლო ივნისში საზღვარგარეთ იმოგზაურა – მაშინ ეს კიდევ შესაძლებელი იყო. Bloomberg-თან ინტერვიუში მან აღიარა, რომ უნდა მეგობრებთან Minecraft-ი ისევ ითამაშოს და დაივიწყოს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიტს უძღვება.

ყველაფერი ერთ გვერდზე

The New Yorker-ის ინფორმაციით, ავიმ ახალი კორონავირუსის ინფექციის გავრცელებას პოლიტიკოსებზე და ჩვეულებრივ ადამიანებზე ადრე მიაქცია ყურადღება. Ncov2019.live-ზე მუშაობა მან 2019 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო, როცა ჩინეთში 1000-ზე ნაკლები შემთხვევა იყო ოფიციალურად რეგისტრირებული და ვირუსი ჯერ კიდევ არ იყო გასული აზიის ფარგლებს გარეთ.  შიფმანს სერვისის შექმნის იდეა სათხილამურო კურორტზე დაებადა, სადაც მშობლებთან ერთად ისვენებდა. ავის დედის თქმით, ბიჭმა ერთი დღე გააცდინა და არ ისრიალა, მაგრამ „საღამოს სიხარულისგან სახე ისე უბრწყინავდა, თითქოს კიბოს საწინააღმდეგო წამალი გამოიგონაო“.

„მინდოდა ინფორმაციის მარტივი წყარო შემექმნა დაინფიცირებულთა რაოდენობაზე. მანამდე ინფორმაციის მოძებნა რთული იყო – ახალი მონაცემებისთვის ჩინეთის სახელმწიფო საიტებზე უნდა შესულიყავი, იქ ყველაფერი ჩინურად იყო. ამიტომ გადავწყვიტე, ამეღო ციფრები და ისინი უფრო ფართო მონაცემებისთვის დამემატებინა. და ასე თითოეული ქვეყნის შემთხვევაში“, – იხსენებს ავი „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში. ავის საიტი ვებსკრეიპინგის სისტემით მუშაობს, იყენებს მონაცემებს მთელი მსოფლიოს წყაროების გვერდებიდან, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის (CDC), მთელი მსოფლიოს სამედიცინო ორგანიზაციებისა და საინფორმაციო პორტალებიდან.

მთავარი გვერდი ერთ წუთში ერთხელ ახლდება – მასზე ჩნდება ახალი ინფორმაცია გარდაცვალებულთა, ინფიცირებულთა და გამოჯანმრთელებულთა შესახებ. საიტის ინტერფეისი ელემენტარულია, რათა ყველაფერი თვალსაჩინო იყოს. სტატისტიკის გარდა არის ზოგადი ინფორმაციაც კორონავირუსზე და ინტერაქტიული რუკა, სადაც აღნიშნულია ინფიცირების შემთხვევები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ყველაფერი – ათობით სხვადასხვა ენაზე.

ავის წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მისი საიტი ასეთ შედეგებს მოიტანდა – 30 მილიონი მომხმარებელი დღეში და მთლიანობაში უკვე 700 მილიონზე მეტი ნახვა: „უბრალოდ, მინოდა, მონაცემები ადვილად ხელმისაწვდომი გამეხადა, არ მიფიქრია, რომ ასეთი მასშტაბური იქნებოდა“, –  თქვა მან  The New Yorker-თან ინტერვიუში. მალე მისი საიტი მილიარდ ნახვას მიაღწევს.

ავი შიფმანს მიზანი გაუჩნდა – ერთ დღესაც რაღაც წარმოუდგენელი გააკეთოს და მსოფლიო შეცვალოს. „ჩემი საყვარელი ციტატა სტივ ჯობსს ეკუთვნის: „ადამიანები, რომლებიც საკმარისად შეშლილები არიან, რათა იფიქრონ, რომ შეუძლიათ მსოფლიოს შეცვლა – მხოლოდ ისინი შეძლებენ ამის გაკეთებას“, – ამბობს 17 წლის ვუნდერკინდი.

ციცი ხაბელაშვილი

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close