fbpx
ეკონომიკამოგზაურობა

20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა, საქართველოში პირველი ივლისიდან ფრენა ეტაპობრივად აღადგინოს

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე ქვეყანასთან უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ტურიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებულ დეტალებზე იმსჯელეს.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები იყო კრიზისი, როგორც შესაძლებლობა პანდემიით ყველაზე დაზარალებული სექტორის – ტურიზმის ამოქმედებისთვის, ასევე უსაფრთხო დერეფნებსა და საერთაშორისო ფრენების აღდგენაზე პარტნიორებთან მიმდინარე მოლაპარაკებები.

აღინიშნა, რომ უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია ისრაელთან, ავსტრიასთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან. საელჩოებს მიღებული აქვთ შესაბამისი ინსტრუქციები და ისინი სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის უწყებებთან ამ მიმართულებით აქტიურ კომუნიკაციას განაგრძობენ.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, 20-ზე მეტმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ უკვე გამოთქვა ინტერესი და მზადყოფნა, საქართველოში ფრენა პირველი ივლისიდან, ეტაპობრივად აღადგინოს.

შეხვედრაზე განიხილეს ის ტექნიკური დეტალები და სტანდარტები, რომელთა დაცვა სავალდებულოა როგორც აეროპორტების, ისე ავიაკომპანიებისა და ტურიზმის სექტორში მოქმედი ყველა სუბიექტის მხრიდან. ამასთანავე, მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება ე. წ. მწვანე ზონებად განსაზღვრული ტურისტული ლოკაციებისთვის. აღნიშნული სტანდარტები კერძო სექტორს მომავალ კვირას წარედგინება.

„პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მსოფლიო კრიზისის შესაძლებლობად ქცევის მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკისთვის, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, იყოს უფრო ეფექტური და წარმატებული გლობალურ კონკურენციაში.

მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ამის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია ტურიზმი და საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას, ამუშავებას და საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას ისე, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს როგორც საკუთარი მოქალაქეების, ისე სტუმრების ჯანმრთელობას და უზრუნველყოს უსაფრთხოების იმ წესების ზედმიწევნით დაცვა, რომლებიც მსოფლიო მასშტაბის პანდემიის ფონზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სულ მალე კონკრეტული მიმართულებებით ფრენების შესახებ თარიღები დასახელდება. მინისტრის თქმით, იმ ავიაკომპანიებს შორის, რომლებმაც საქართველოში ფრენების აღდგენისთვის მზადყოფნა გამოთქვეს, არის „ვიზეარი“, „რიანეარი“, „ისრაელის ავიახაზები“, „თურქეთის ავიახაზები“, „ყატარის ავიახაზები“…

თურნავას განცხადებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის სამთავრობო სტრუქტურებმა საქართველო, შედარებით ნორმალური ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, იმ სავარაუდო უსაფრთხო ქვეყნებს შორის დაასახელა, სადაც მათი ტურისტები ჩავლენ.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close