კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა დადასტურდა ჩინეთის ქალაქ უჰანში, რომელიც ინფექციის გავრცელების ეპიცენტრად იქცა და სადაც უკვე დიდი ხანია, აღარ ფიქსირდებოდა SARS-CoV-2-ის ახალი შემთხვევები. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს ჰუბეის პროვინციის ჯანდაცვის კომიტეტის განცხადებაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია.
გასულ ერთ დღე-ღამეში ჰუბეის პროვინციაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევა გამოვლინდა. მეთვალყურეობის ქვეშაა ვირუსის 616 უსიმპტომო მატარებელი.
დეკემბრის ბოლოდან, როცა ეპიდემია დაიწყო, ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში მთლიანობაში დაფიქსირებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 68 129 შემთხვევა (მათგან 50 334 – უჰანში), 63 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4512 გარდაიცვალა.
ჩინეთის ხელისუფლება COVID-19-ის საერთო სტატისტიკაში არ რთავს პაციენტებს, რომლებსაც ვირუსის ნუკლეინის მჟავაზე ტესტის პასუხი დადებითი აქვთ, მაგრამ სიმპტომები არ აღენიშნებათ და მათ დადასტურებულ შემთხვევებად აღიარებს მხოლოდ მაშინ, როდესაც კლინიკური ნიშნები გამოუვლინდებათ. ჰქონდა თუ არა თავიდანვე სიმპტომები ახალ პაციენტს უჰანში, ამის შესახებ ინფორმაციას არ აზუსტებენ. ცნობილია, რომ ეს ახალი პაციენტი მთელ პროვინციაში ამჟამად ერთადერთი დადასტურებული შემთხვევაა.
კომენტარები