საქართველოში კოვიდ-19-ით 45 წლის ქალი გარდაიცვალა და მსხვერპლთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული მე-10 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა – 45 წლის ქალი, რომელსაც COVID-19 მარტის ბოლოს დაუდასტურდა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს გარდაიცვალა.
ჰოსპიტალის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალს თანმხლები პათოლოგიები ჰქონდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ექიმების ბრძოლის მიუხედავად პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„პაციენტი სამხედრო ჰოსპიტალში, ვირუსული ინფექციის ნიშნებით, 29 მარტს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადმოიყვანეს. ლუგარის კვლევით ცენტრში ჩატარებული PCR ტესტირების შედეგად მას COVID-19 დაუდასტურდა. პაციენტს ასევე აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, უნივერსალური სიმსუქნე. პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ვლინდებოდა ორმხრივი პნევმონია, მრავლობითი ინფილტრაციები ე. წ. დაბურული მინის ტიპით. მოგვიანებით განვითარდა ორმხრივი სპონტანური სისხლჩაქცევა თხემ-კეფის მიდამოში (ნეიროქირურგიულად შეფასდა, როგორც ინოპერაბელური). მდგომარეობა შეფასდა, როგორც კრიტიკული, რის გამოც ის მკურნალობას რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა“, – ნათქვამია ჰოსპიტლის განცხადებაში.
კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით ამ დროისთვის საქართველოში 10 ადამიანია გარდაცვლილი. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა დღეს გარდაცვლილი 45 წლის ქალბატონია (დღემდე ყველაზე ახალგაზრდა იყო 3 მაისს თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაცვლილი 58 წლის ქალი), ყველაზე ხანდაზმული კი – 86 წლის ქალი.
მთლიანობაში, გარდაცვლილთაგან 7 ქალია, 3 მამაკაცი. ექიმების განცხადებით, ყველა მათგანს თანხმლები პათოლოგიები აღენიშნებოდა.
საქართველოში ამ დროისთვის ახალი ტიპის კორონავირუსით, SARS-CoV-2-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 623-ს აღწევს (+8 გუშინდელთან შედარებით). გამოჯანმრთელდა 288 პაციენტი.
SARS-CoV-2-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა, COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ინფექციის გავრცელება პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოაცხადა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები